GE
AktualMed.ge

როდის და რატომ ეშინია ადამიანს ყოველგვარი ცვლილებისა და სიახლის

Digər - 12 noy 2023
როდის და რატომ ეშინია ადამიანს ყოველგვარი ცვლილებისა და სიახლის

ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის სიმშვიდე და შფოთის გარეშე ცხოვრება ძალიან ფასეული და კომფორტულია, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ფსიქოფიზიოლოგიურ ჯანმრთელობას.

ადამიანს აქვს ადაპტაციის უნარი და გარემოსთან შეგუების განსაკუთრებული თვისება, ეს შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი გარემომცველი გარემო, ისე სოციალური.

ადამიანი ეჩვევა გარკვეულ ადგილს, სადაც მას უხდება ცხოვრება, გეოგრაფიულ და სოციალურ სივრცეს, სადაც იბადება, იზრდება, ყალიბდება მისი ჩვევები, უნარები, იქმნება მისი პიროვნება. განსაზღვრული გარემოცვა მასზე უზარმაზარ გავლენას ახდენს, ეს არის ბუნება, სახლი, ოჯახი, ახლობლები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები. ყველა ამ კატეგორიასთან თითოეულ ადამიანს გაკვეული ურთიერთობა და შესაბამისი დამოკიდებულება უყალიბდება. ეს არის ურთიერთშეჩვევისა და შეგუების რთული სისტემა, შესაბამისად, ყველაფერ ამასთან ადაპტაცია.

ცხოვრების განმავლ­ობაში ადამიანს შეიძლება შეეცვალოს საცხოვრებელი გარემო, სასწავლო დაწესებულება, საქმიანობის ადგილი, რაც ცვლის სოციალურ გარემოს, სანაცნობო წრეს და ა.შ.

ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან შეგუების, შეჩვევისა და ადაპტაციის უნარით. მათი პიროვნებისა და თვისებების მიხედვით, ცვლილებებისა და სიახლეების გაჩენა ცხოვრებაში მეტ-ნაკლები სიმწვავით აისახება მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ზოგი ადამიანი მდგრადია ცვილებების და სიახლეების მიმართ, ზოგი კი რთულად ეგუება ახალ გამოწვევებს. არიან ისეთი ემოციური და ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანები, რომლებსაც უჩნდებათ ძლიერი შიში ცვლილებების მიმართ.

სიახლის შიში შესაძლო მარცხის შიშს უკავშირდება, წარუმატებლობა არავის ხიბლავს, ყველას უნდა გამარჯვება, ამიტომ ვფრთხილობთ, ბევრს ვმსჯელობთ და უკვე გადაწყვეტილ საკითხებზეც კი ბოლო მომენტში უკან დახევაზე ვფიქრობთ. ამ შიშის გამო ბევრს მოქმედებას უმოქმედობა ურჩევნია, რადგან კომფორტის ზონაშია და არ უნდა გარისკვა. თანამედროვე სამყაროში კი სიახლეებისა და მუდმივი ცვლილებების გარეშე შორს ვერ წავალთ.

ალინა გარიბოვა

Mkurnali.ge