GE
AktualMed.ge

ასკლეპიონი - ანტიკური ხანის ერთ-ერთი ძველი საავადმყოფო და წმინდა ადგილი

Faydalı Məlumat - 22 dek 2023
ასკლეპიონი - ანტიკური ხანის ერთ-ერთი ძველი საავადმყოფო და წმინდა ადგილი

პერგამონი მრავალი ცივილიზაციის ანტიკური ქალაქი იყო, სადაც პარალელურად, პაციენტები სამკურნალოდ დადიოდნენ.
ეს შესანიშნავი ქალაქი თანამედროვე ცივილიზაციის პიონერია არქიტექტურის, ხელოვნებისა და მედიცინის კუთხით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი საავადმყოფო, სადაც აქტიურად მკურნალობდნენ დაავადებული ადამიანები, არის ასკლეპიონის წმინდა ადგილი. დღეს მისი ნანგრევებიღაა შემორჩენილი, რომელთა ნახვაც თურქეთში, ანტიკურ ქალაქ ბერგამაში შეგიძლიათ.

მკურნალობის ღვთაება ასკლეპიოსი იმდენად ნიჭიერი იყო, რომ მისი დამსახურებით  სიკვდილიანობის ალბათობა მცირდებოდა. სწორედ მის სახელზე აშენებულ ტაძრებსა და სამკურნალო ცენტრებს ერქვა ასკლეპიონები.
აქ დადიოდნენ პაციენტები, რომლებსაც ექიმები ამოწმებდნენ და შემდეგ მკურნალობდნენ.
მიღებული პაციენტები ჯერ სპეციალურ აუზებში ბანაობდნენ, შემდეგ იცვამდნენ მათთვის განკუთვნილ თეთრ ტანსაცმელს და წირავდნენ შესაწირებსაც. სამკურნალო და წმინდა აუზების გვერდით იყო საძინებელი ოთახებიც. 

ასკლეპიონის ტაძარში მკურნალობდნენ ისეთ დაავადებებს, როგორიც  იყო თავის ტკივილი, უსინათლობა, უნაყოფობა, ისტერიკა, დამბლა და სხვა. ყველა დაავადებას მკურნალობის  სხვადასხვა მეთოდი ჰქონდა. ამ მეთოდების შესახებ ვიგებთ ანტიკური პერიოდის ცნობილი ორატორის არისტიდესის მეშვეობით, რომელსაც მრავალჯერ უმკურნალია ასკლეპიონში.

აღსანიშნავია, რომ ასკლეპიონში წყალთან ერთად მზის თერაპიასაც  დიდ უპირატესობას ანიჭებდნენ.
მუსიკა, წიგნების კითხვა და თეატრალური სპექტაკლები ასევე იყო მკურნალობის ნაწილი. პაციენტების ხალისის შენარჩუნების მიზნით, ეწყობოდა ფესტივალები, რომლებზეც ადგილობრივ მოსახლეობას იწვევდნენ. პაციენტებისთვის ტარდებოდა ასევე პოეზიისა და მუსიკალური საღამოები.