სტამბოლი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ორ კონტინენტზე განლაგებული ქალაქია. აქ თქვენ ნახავთ უძველეს ღირსშესანიშნავ ადგილებს, რომლებსაც ყოველ წელს მოსანახულებლად მრავალი ტურისტი სტუმრობს. ერთ-ერთი ასეთია Galata Tower, იგივე გალათას კოშკი, რომელიც ქალაქის ევროპულ მხარეს, ბეიოღლუს რაიონში მდებარეობს.
კოშკი სტამბოლის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს წარმოადგენს. ამჟამად, იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაშია შეყვანილი, რადგან თურქეთის უძველეს კულტურულ ძეგლებს შორის მოიაზრება.
გალათა პირველად ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს მიერ აშენდა 508 წელს. კოშკი, რომელმაც მრავალი ომი გამოიარა და საკმაოდ დაზიანდა, 1349 წელს გენუელებმა აღადგინეს. მაჰმუდ მე-2 ბრძანებით კი მას კიდევ ორი სართული დაადგეს და ცნობილი კონუსის ფორმის სახურავი აუშენეს. 1831 წელს მას ხანძარი გაუჩნდა და რეკონსტრუქციის შედეგად ისევ პირვანდელი სახეს დაუბრუნეს. ბოლო ძირითადი რესტავრაცია კი სტამბოლის მუნიციპალიტეტმა 1967 წელს ჩაატარა. მე-19 საუკუნის ბოლოს ქარიშხლის შედეგად დანგრეული კოშკის ცნობილი კონუსური სახურავი აღადგინეს, აღადგინეს სპირალური ქვის კიბეც, რომელიც კოშკის მწვერვალამდე მიდის. აღსანიშნავია, რომ ვიზიტორების კომფორტისთვის დამონტაჟდა ორი ლიფტი, რომლითაც კოშკის ბოლო სართულამდე შეგიძლიათ ახვიდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ გალათა დღეს სტამბოლს ამშვენებს და ითვლება ერთ - ერთ საინტერესო ღირსშესანიშნავ ადგილად, ისტორიის მანძილზე მას სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა. იგი სატუსაღოდ, ობსერვატორიად და სახანძრო კოშკად გამოიყენებოდა. დღეს კი გვევლინება მუზეუმის სახით, რომელსაც ხშირად სტუმრობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებიც.
კოშკის სიმაღლე 69 მეტრია და იგი 11 სართულისგან შედგება, ქვედა ნაწილის ფართობი კი 208 კვადრატული მეტრია. კოშკის ზედა სართულებზე განთავსებულია სადამკვირვებლო მოედანი, რესტორანი, კაფეები და ღამის კლუბები. სადამკვირვებლო გემბანზე თქვენს წინაშე საოცარი ზღვის ხედი იშლება. ღამით კი კოშკი ულამაზესად არის განათებული, ისე, რომ უბრალოდ თვალისმომჭრელია.
აღსანიშნავია გალათას ხიდი, რომელიც ოქროს რქის ყურის სანაპიროებს აკავშირებ ერთმანეთთან. იგი ძალიან საინტერესო და ამავდროულად ძველი ნაგებობაა, რომლის ზედა ნაწილშიც სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ, ასევე, ცხადია, ფეხით მოსიარულეთათვისაც ღიაა ეს ადგილი, ქვემოთ კი უამრავი თევზის რესტორანი და საცალო ვაჭრობაა. აღსანიშნავია, რომ სტამბოლის ასობით მცხოვრები ყოველდღიურად, ზამთარსა და ზაფხულში, გალათას ხიდზე თევზაობს.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, აქ მრავალი რესტორან-კაფეებია, რომელთა ნაწილიც ღიაა თითქმის დილამდე. ძალიან სასიამოვნოა იქ ყოფნა, განსაკუთრებით საღამოს, რადგან ღამით თქვენს წინაშე ყურისა და სტამბოლის საოცარი ხედი იშლება. თუ ჩამოხვალთ სტამბოლში, ამაში თქვენც დარწმუნდებით.