თურქული რივიერა სამხრეთ თურქეთში ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილია. თავისი ზღაპრული ხედებით ეს რეგიონი იდეალური გარემოა თავგადასავლებისთვის. მაგალითად, ანტალიაში ქაშიდან ალანიამდე მგზავრობა უნიკალური მარშრუტებით დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდებათ. ამ 1000 კილომეტრიანი სანაპიროს გასწვრივ, მოგზაურებს ყოველ ნაბიჯზე იდუმალი ყურეები, საოცარი სანაპიროები და უძველესი ღირსშესანიშნაობები ხვდებათ. უნდა დააგემოვნოთ ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო, რომელიც საოცარი კერძებით გამოირჩევა. თქვენს მოგზაურობას სხვა აქტივობები, როგორიცაა წყლის სპორტი, პარაპლანით ფრენა და გოლფი, კიდევ უფრო დაამშვენებს. აღსანიშნავია, რომ ანტალია მსოფლიოში ყველაზე მეტი ლურჯი დროშის მქონე სანაპიროების ქალაქია.
დაიწყე მოგზაურობა ხმელთაშუა ზღვის სილამაზითა და უძველესი საოცრებებით
თქვენ შეგიძლიათ ჩაფრინდეთ ორი აეროპორტიდან - ანტალიის ან დალამანის აეროპორტებიდან. პირველი გაჩერება იქნება ქაში, რომელიც საკმაოდ მშვიდი და მყუდრო ქალაქია. აღსანიშნავია ქვაფენილიანი ქუჩები, თეთრად შელესილი სახლები, აივნები, ულამაზესი სანაპიროები, როგორიცაა მაგალითად, კაპუტაში. ის ევროპის 40 საუკეთესო სანაპიროს შორის არის მოხსენიებული. ქალაქი ასევე მსოფლიოში ათ საუკეთესო დაივინგ ლოკაციას შორისაა.
ქაშიდან დაახლოებით საათნახევრის სავალზე მდებარეობს კეკოვას კუნძული – ჩაძირული ანტიკური ქალაქით, რომელიც წყნარ, ლაგუნას მსგავს გარემოშია მოქცეული. ამ ადგილის დათვალიერებითვის ზღვაზე კაიაკით გასეირნება საუკეთესო შესაძლებლობაა. ამასთან, დაახლოებით 40 წუთის სავალზე, აღმოსავლეთ ნაწილში შეხვდებით უძველეს ლიკიურ ქალაქს - დემრეს (ძველი მირა), სადაც მდებარეობს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. ასევე, კიდევ ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ შეძლებთ ნახოთ ოლიმპოსის შთამბეჭდავი ნანგრევები. მასთან ახლოს კი შხვდებით Caretta caretta-ს კუებს.
ისტორიის ფენები ქალაქის ძველ უბანში
დაახლოებით 45-წუთიანი მგზავრობის შემდეგ თქვენ ანტალიის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდებით. ეს არის ქალაქის კულტურული ცენტრი, სადაც მდებარეობს ძველი უბანი კალეიჩი (Kaleiçi). აქ შეგიძლიათ განიცადოთ ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორია თანამედროვე, ცოცხალ გარემოში. მთავარი ღირსშესანიშნაობებია ძველი გალავნები, რომლებზეც რომის, ბიზანტიის, სელჩუკების და ოსმალების პერიოდის კვალი ჩანს; ასევე ადრიანეს კარიბჭე, რომაული ეპოქის დროინდელი არქიტექტურული მარგალიტი და სხვ. ამ უბნის სამხრეთით მდებარეობს ისტორიული რომაული ნავსადგური, სადაც ტრადიციული გემები არიან განთავსებული. რაც შეეხება ადგილობრივ გასტრონომიას, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ზღვის პროდუქტები – თევზი, ხამანწკა, რვაფეხა, კალმარი და კრევეტი – თურქულ თეთრ ღვინოებთან ერთად, რომელსაც სანაპიროს რესტორნები გთავაზობენ.
გზა აღმოსავლეთისკენ გრძელდება და კიდევ უფრო მეტ საინტერესო ადგილს გთავაზობთ. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ შეგხვდებათ პერგე – რომაული ეპოქის ქალაქი თავისი შთამბეჭდავი ნანგრევებით. იქიდან 40 წუთში ასპენდოსი გაგაოცებთ რომაული თეატრით, რომელიც დღემდე მასპინძლობს კულტურულ ღონისძიებებს. აღსანიშნავია ბელექიც, რომელიც გამოირჩევა გოლფის ადგილებით. ასევე ნახავთ ძველ და თანამედროვე ზღვისპირა ქალაქ სიდეს. ნახავთ აპოლონის ტაძარს, რომელიც დგას წყლის პირას, ის განსაკუთრებით შთამბეჭდავია მზის ჩასვლისას. აღსანიშნავია, რომ ასპენდოსისა და სიდეს არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობების ნახვა ზაფხულში ღამის საათებშიც შესაძლებელია (დილის 10-მდე). უნდა ითქვას, რომ ეს თურქეთის ღამის მუზეუმების პროექტის დამსახურებაა.