თურქეთის ისტორიული სოფელი ბირგი, რომელიც იზმირის პროვინციაში მდებარეობს, განიცდის გარდატეხის პროცესს მდგრადი ტურიზმის მიმართულებით. ეს პროცესი კი მიმდინარეობს SENTRUM-ის პროექტის ფარგლებში (მდგრადი ენერგიის საფუძველზე ტურიზმის პრაქტიკის ცენტრი), რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, „იმპლემენტაციის ცენტრი“ არის პრაქტიკული სამუშაო სივრცე და საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც შეიქმნა ბირგიში იმისთვის, რომ იქ მიმდინარე ყველა „მწვანე“ და მდგრადი ტურიზმის პროექტი უკეთ დაგეგმონ, მართონ და განახორციელონ.
ბირგი, თავისი 5,000-წლიან ისტორიასა და ოსმალური ეპოქის არქიტექტურით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მიერ დასახელდა 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ სოფლებს შორის. ის გამოირჩევა ქვაფენილიანი ქუჩებითა და ტრადიციული სახლებით, რომლებიც XII საუკუნით თარიღდება.
SENTRUM-ის პროექტი, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტო (TGA) და Enerjisa Enerji, აქტიურად უჭერს მხარს ბირგის ადგილობრივ განვითარებას.
ცენტრი წარმართავს კოორდინირებულ საქმიანობებს, რომელიც გარკვეულ ცვლილებებს ისახავს მიზნად - დაწყებული ენერგოეფექტურობის გაზრდიდან და დამთავრებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვამდე, ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებამდე. იმპლემენტაციის ცენტრი არა მხოლოდ მდგრად ტურიზმს განავითარებს ბირგიში, არამედ უზრუნველყოფს, რომ მწვანე ტრანსფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია ადგილობრივ მემკვიდრეობაზე, იყოს ხანგრძლივი და ხელმისაწვდომი.
მდგრადი ტურიზმის მოდელი ოთხი სეზონის მანძილზე ვიზიტორებისთვის
განხორციელებული სამუშაოები სრულად შეესაბამება გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭოს (GSTC) კრიტერიუმებს და ქმნის ბირგის, როგორც, კულტურულად და სოციალურ-ეკონომიკურად მდგრად ტურისტულ მიმართულებას.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი ღირებულებების გასაძლიერებლად და შესანარჩუნებლად. ჯამში, 1,000-მა მონაწილემ — მათ შორის ტურიზმის სპეციალისტებმა, ქალებმა, ახალგაზრდებმა და ბავშვებმა — მონაწილეობა მიიღეს 21 სხვადასხვა სემინარსა და ტრენინგში. ასევე გაიმართა მრგვალი მაგიდის შეხვედრები ადგილობრივ აქტორებთან მდგრადი ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით.
დიდი ცვლილებები პატარა სოფლიდან
ბირგიში ამ საქმიანობით SENTRUM-ის პროექტი არამხოლოდ მდგრად ტურიზმს, არამედ მნიშვნელოვან სოციალურ ტრანსფორმაციასაც უწყობს ხელს — მათ შორის გენდერული თანასწორობის მიმართულებით. პროექტი მხარს დაუჭერს ასევე ქალთა ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებაში, რაც ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. ამავდროულად, პროექტი ისახავს მიზნად ბალანსირებული, წელიწადის ოთხივე სეზონზე გადანაწილებული ვიზიტორთა ნაკადის მიღწევას.
SENTRUM-ის იმპლემენტაციის ცენტრი, მომავალშიც გააგრძელებს ადგილობრივი განვითარების გაძლიერებას პარტნიორობის გაფართოებითა და საზოგადოებრივი ჩართულობის ზრდით.
სოფელ ბირგის შესახებ
ბირგი არის სოფელი იზმირის პროვინციაში, რომელიც ოდემიშის მუნიციპალიტეტიდან შვიდ კილომეტრში მდებარეობს. ის აქტიურად იზიდავს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს, რადგან ძალიან ახლოსაა ეფესოსთან (UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი), სოფელ შირინჯესთან (ცნობილი ხილის ღვინით) და პოპულარულ საზღვაო კურორტებთან — ჩეშმესთან, ალაჩათთან და სეფერიჰისართან.
ბირგის ისტორია ძვ.წ. 3000 წლით თარიღდება. ის იმართებოდა ფრიგიელების, ლიდიელების, სპარსების, პერგამოს სამეფოს, რომისა და ბიზანტიის იმპერიების მიერ. XIII საუკუნეში ბირგი აიდინოღლუს სამთავროს დედაქალაქი გახდა და 1426 წლიდან ოსმალეთის იმპერიის ნაწილად იქცა. აღსანიშნავია, რომ ის XVII საუკუნემდე ადმინისტრაციულ და კულტურულ ცენტრად რჩებოდა.
ბირგი მდიდარია ისტორიული არქიტექტურით — მასში 200-ზე მეტი რეგისტრირებული ისტორიული ობიექტია, მათ შორის მეჩეთები, ბანაკები, მედრესეები, ბიბლიოთეკები და ოსმალური პერიოდის სასახლეები. აღსანიშნავია ულუ მეჩეთი (აიდინოღლუ მეჰმედ ბეის მეჩეთი), რომელიც ანატოლიის სამთავროების პერიოდის არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშია. სხვა მნიშვნელოვანი ძეგლებია: ჩაქირაღასა (Çakırağa Mansion) და სანდიქოღლუს სასახლე( the Sandıkoğlu Mansion), დერვიშაღას მეჩეთი (the Dervişağa Mosque ) და სხვ.
საგულისხმოა, რომ ბირგი 1996 წელს გამოცხადდა „დაცულ ტერიტორიად“. 2012 წელს კი ის შევიდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა ბირგის თურქეთის "ნელა ქალაქების" (Cittaslow) ქსელში შეყვანის თვალსაზრისით. აღსანიშნავია ისიც, რომ ბირგი ცნობილია თავისი ულამაზესი ბუნებით, ადგილობრივი სამზარეულოთი და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით.
SENTRUM-ის შესახებ
SENTRUM — მდგრადი ენერგიაზე დაფუძნებული ტურიზმის პრაქტიკის ცენტრი . ეს არის პროექტი, რომელიც წამოიწყეს Enerjisa-მ და UNDP-მ. მისი პირველი ეტაპი 2022 წლის ნოემბერში აივალიქის სოფელ ქუჩუქქოისა და ბალიქესირში განხორციელდა. პროექტის მიზანია მდგრადი ტურიზმის სფეროში სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, თემაზე დაფუძნებული ტურიზმისა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება განახლებადი ენერგიის გამოყენებითა და ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლებით.
მეტი ინფორმაცია: www.sentrum.com.tr