GE
AktualMed.ge

თურქეთის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ქალაქი ბურსა

Maraqlı - 19 fev 2025
თურქეთის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ქალაქი ბურსა

ბურსა ერთ-ერთი საყვარელი ტურისტული მიმართულებაა ვიზიტორებისთვის. იგი  თურქეთის მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქია, სავსე მონუმენტებით, მეჩეთებით და სხვა ძეგლებით ოტომანური ეპოქიდან. სტამბოლიდან მარმარილოს ზღვაზე ბორნები ხშირად დადიან, რის შემდეგაც ბურსამდე ავტობუსით მცირე მანძილის გავლა მოგიწევთ. ჩვენ აქ ერთგვარ გიდობას გაგიწევთ და მოგიყვებით, თუ რის მონახულება შეგიძლიათ ამ საოცარ  ქალაქში.

ყველასთვის ცნობილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საბაგირო - Bursa Teleferik, რომელიც გზას  ულუდაგის მთამდე აგრძელებს. ამიტომაც პირველ რიგში, გირჩევთ დასხდეთ ამ საბაგიროზე და დატკბეთ გაშლილი ხედით.  გზად ულამაზეს ტყეებსა და მთებს  დაათვალიერებთ, რაც ძალიან დაგეხმარებათ განტვირთვასა და სიამოვნებაში.

გაისეირნეთ ბურსას გარშემო სოფლის ხეივნებში

Cumalıkızık – ყველაზე ცნობილი სოფელია ოტომანური არქიტექტურით, რომელიც ბურსას გარს აკრავს, ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით  12 კილომეტრის მოშორებით. აქ ქვაფენილიანი ხეივნები სავსეა ძველი სახლებით. მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, აქ წარმოდგენილი სოფლები იუნესკოს დაცული ძეგლების სიაშია შესული.

აღსანიშნავია ბურსას დიდი მეჩეთი - Ulu Cami, რომელიც ქალაქის ცენტრალური ბაზრის არეალში მდებარეობს. ის მე-14 საუკუნით თარიღდება, ოტომანური იმპერიის დაარსების პერიოდიდან და მისი არქიტექტურა ფაქტობრივად, სელჩუკების სტილს ირეკლავს, სპარსული მეჩეთების გავლენით. მისი სახურავი 20 გუმბათისგან შედგება. თავდაპირველად აპირებდნენ რომ ამ ადგილას 20 მეჩეთი აეშენებინათ, შემდეგ კი გადაწყვიტეს რომ 20 გუმბათი 1 მეჩეთად გაეერთიანებინათ. აუცილებლად მოინახულეთ მისი მდიდრული ინტერიერი, რადგან იგი შორეულ წარსულში გამოგზაურებთ.

ასევე ბურსაში მევლევის კულტურული ცენტრი მდებარეობს, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს, მოვიდნენ და რელიგიურ ცერემონიალს – დერვიშების ტრიალს უყურონ. ის თითქმის ყოველ საღამოს ტარდება. ქალები ზედა აივნებზე თავსდებიან, კაცები კი ცეკვას დაბლიდან, იატაკზე მსხდომები უყურებენ. აუცილებელია ჩაცმის ეტიკეტის გათვალისწინება, მათ შორის თავსაბურავი. ცერემონია 30 წუთი გრძელდება. ზაფხულში იწყება 10-ის ნახევარზე, ხოლო ზამთარში 8 საათზე.