GE
AktualMed.ge

იზნიქი — ქრისტიანული ფესვების კვალდაკვალ

Maraqlı - 23 may 2025
იზნიქი — ქრისტიანული ფესვების კვალდაკვალ

რომის პაპის  ლეონ XIV-ის მიერ თურქეთის ქალაქ იზნიქში ვიზიტის მზაობის გამოცხადებამ პატარა ქალაქი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქცია. კერძოდ, ეს ვიზიტი ნიკეის პირველი საეკლესიო კრების 1700 წლისთავს მიეძღვნება. იზნიქი, ბურსას პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქია, რომელიც ისტორიისა და ბუნების მოყვარულებს თავისი მშვიდი ატმოსფეროთი და მდიდარი მემკვიდრეობით იზიდავს. აღსანიშნავია, რომ ქალაქს მიენიჭა "Cittaslow"-ის სტატუსი და იგი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ  სიაში.

ქრისტიანობის ცოცხალი მუზეუმი

ანტიკურ ხანაში ნიკეის სახელით ცნობილი იზნიქი მასპინძლობდა პირველ და მეშვიდე საეკლესიო კრებებს, რომლებიც 325 და 787 წლებში გაიმართა.  წელს ნიკეის პირველი კრების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, იზნიკი იწვევს ადამიანებს, რომლებსაც  სურს ადრეული ქრისტიანული ისტორიის კვალდაკვალ სიარული.

ქალაქმა მრავალ ცივილიზაციას უმასპინძლა-  დაწყებული ბითინიელებითა და რომაელებით და დამთავრებული აღმოსავლეთ რომაელებით, სელჩუკებითა და ოსმალებით. თითოეულმა თემმა დატოვა კვალი, რომელიც დღეს ქალაქის უნიკალურ ხასიათს აყალიბებს.

იზნიქში ქრისტიანობის კვალდაკვალ მოგზაურობა იწყება ნაწილობრივ წყალქვეშ აღმოჩენილი სენატის სასახლის ნანგრევებით. გათხრების შედეგად დადგინდა, რომ შენობა ბაზილიკური სტილის ეკლესია იყო, რომელიც წმინდა ნეოფიტოსს ეძღვნებოდა. ითვლება, რომ სწორედ აქ ჩატარდა პირველი ნიკეის კრება. ეკლესია, სავარაუდოდ, 740 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, იზნიქის ტბაში ჩაიძირა. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში იქ გაიხსნება იზნიქის ტბის ბაზილიკის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება ამ ადგილიდან აღმოჩენილი არტეფაქტები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობაა ქალაქის კედლები,  რომელიც  ძვ.წ. IV საუკუნით თარიღდება. ხუთკილომეტრიანი კედლები ოთხ მთავარ კარიბჭეს მოიცავს და დღემდე ასახავს ქალაქის იერსახეს.  ეს განცდა უფრო ძლიერდება აია  სოფიას მეჩეთის დანახვისას — რომელიც თავდაპირველად რომაულ გიმნაზიონზე აგებული VII საუკუნის ბაზილიკა იყო. ოსმალთა მეორე მმართველმა, ორჰან გაზიმ, ქალაქის დაპყრობის შემდეგ 1331 წელს იგი მეჩეთად გადააკეთა. მოგვიანებით, სულთან სულეიმან I-ის მეფობის დროს, ნაგებობა ცნობილმა ოსმალმა არქიტექტორმა მიმარ სინანმა განაახლა. აქ გაიმართა მეშვიდე საეკლესიო კრება, რომელმაც რელიგიური ფრესკების აკრძალვა გააუქმა. დღესაც კი, აია სოფიას  კედლების სამხრეთ ნაწილში შეგიძლიათ იხილოთ ღვთისმშობლის, იესო ქრისტესა და იოანე ნათლისმცემლის ფრესკები.

გარდა ამ ძეგლებისა, იზნიქში ასევე შეგიძლიათ ნახოთ სხვა ქრისტიანული მემკვიდრეობის ნაშთები: წმ. ტრიფონოსისა და ქოიმესის ეკლესიების, აიატრიფონის ტაძრის ნანგრევები, მიწისქვეშა სამარხი ჰიპოგე და რომაული თეატრი, რომელიც მოგვიანებით რელიგიური მიზნებისთვის გამოიყენებოდა.

ქალაქის ისტორიის უკეთ გასაცნობად შეგიძლიათ მოინახულოთ ოსმალური ეპოქის მნიშვნელოვანი შენობები, განსაკუთრებით მწვანე მეჩეთი, რომელიც ცნობილია მოზაიკური მინარეთით. ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ კერამიკის სახელოსნოებს და გაეცნოთ იზნიქის ცნობილი კრამიტის დამზადების ტექნიკას. ქალაქის ტბის ირგვლივ სეირნობა და ადგილობრივი თევზის დაგემოვნება თქვენი ვიზიტის სასიამოვნო ნაწილად იქცევა. განსაკუთრებით გირჩევთ დააგემოვნოთ „იზნიქ ქიოფთე“ (ადგილობრივი ფრიკადელები), რომლებიც ქალაქის რესტორნებში მზადდება.

 

ქრისტიანული მემკვიდრეობების გაგრძელება სტამბოლში

 იზნიქის აღმოჩენის შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ ქრისტიანული მემკვიდრეობის ნახვა  სტამბოლში.   აია სოფიასა და მისი ციფრული მუზეუმის მონახულება  საშუალებას მოგცემთ სრულად აღიქვათ მისი ისტორია და განიცადოთ ეს არქიტექტურული სიდიადე.

საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ სტამბოლისა და მის მახლობლად მდებარე იზნიქის ათასწლოვანი ცივილიზაციების ისტორიის გაცნობა ქრისტიანული მემკვიდრეობის თვალთახედვით დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა თქვენთვის  — განსაკუთრებით მაშინ, როცა ვზეიმობთ ნიკეის პირველი საეკლესიო კრების 1700 წლისთავს.