თურქეთის გამორჩეული ბუნება, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ტურისტული შესაძლებლობები ქვეყანას საერთაშორისო შეხვედრების მასპინძლობისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს. სწორედ ამ მიზნით, სათავგადასავლო ტურიზმის სავაჭრო ასოციაციის, Adventure Travel Trade Association-ის (ATTA) დირექტორთა საბჭოს სხდომა 16-19 ოქტომბერს თურქეთის ცნობილ რეგიონში, კაპადოკიაში გაიმართა.
ღონისძიება თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ტურიზმის განვითარების სააგენტოს (TGA) მასპინძლობითა და Turkish Airlines-ის მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრაში ATTA-ს საბჭოს წევრები, ხელმძღვანელი პირები და ტურიზმის საერთაშორისო სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კაპადოკია ცნობილია უნიკალური ლანდშაფტებითა და მრავალფეროვანი ტურისტული აქტივობებით. საჰაერო ბურთით ფრენა, ველოსიპედით მოგზაურობა, სალაშქრო მარშრუტები და ცხენოსნობა რეგიონს სათავგადასავლო ტურიზმისთვის გამორჩეულ ადგილად აქცევს. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რეგიონის ტურისტულ პოტენციალს უშუალოდ გაცნობოდნენ.
ATTA-ს ხელმძღვანელობა კაპადოკიაში
1990 წელს დაარსებული ATTA სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ქსელია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 100 000-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს ტურიზმის მდგრად განვითარებას, სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობას და ტურისტული მიმართულებების საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას.
კაპადოკიის მასპინძელ რეგიონად არჩევა თურქეთის სათავგადასავლო ტურიზმის მზარდ საერთაშორისო მნიშვნელობაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა რეგიონის ხეობებში ელექტროველოსიპედებით იმოგზაურეს და გაეცნენ Salomon Cappadocia Ultra Trail-ის მარშრუტს. ATTA-ს საბჭოს თავმჯდომარემ, ერიკ ბლაჩფორდმა თავადაც მიიღო მონაწილეობა ამ ულტრამარათონში, რომელიც 16-18 ოქტომბერს გაიმართა. ისიც უნდა ითქვას, რომ 18 ოქტომბერს ადგილობრივი სათავგადასავლო ტურიზმის კომპანიების, სასტუმროებისა და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის საქმიანი შეხვედრაც მოეწყო. ამ შეხვედრის მიზანი საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირების დამყარება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა იყო.
შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ATTA-სა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენისთვის. ასევე, განიხილება თურქეთში ATTA-ს მომავალი საერთაშორისო ღონისძიებების, მათ შორის Elevate Europe-ისა და World Summit-ის ჩატარების პერსპექტივა.
კაპადოკია - უნიკალური ბუნება და თავგადასავლები
კაპადოკია თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული რეგიონია, სადაც უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტები, მრავალსაუკუნოვანი ისტორია და აქტიური დასვენების მრავალფეროვანი შესაძლებლობები ერთმანეთს ერწყმის. ქარისა და წყლის გავლენით ჩამოყალიბებული ვულკანური ხეობები და ცნობილი კლდოვანი წარმონაქმნები მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იზიდავს მოგზაურებს.
რეგიონში შესაძლებელია ლაშქრობა, ველოსიპედით გადაადგილება, ცხენოსნობა და საჰაერო ბურთით ფრენა. სტუმრებს ასევე შეუძლიათ განთავსდნენ კლდეში გამოკვეთილ სასტუმროებში, დააგემოვნონ ადგილობრივი სამზარეულო და გაეცნონ ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.