ჰომეროსის უკვდავი ეპოსის, „ოდისეას“ ახალი კინოვერსია ამჟამად მსოფლიოს კინოთეატრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და სალაროებში რეკორდულ შემოსავალს აგროვებს. თუმცა, ტროა, რომელიც ჰომეროსის „ილიადასა“ და „ოდისეაში“ არის აღწერილი, მხოლოდ ლიტერატურისა და კინოს ნაწილი არ არის - ეს არის რეალური ისტორიული ადგილი, რომლის საიდუმლოებებსაც არქეოლოგები დღემდე იკვლევენ. ის რეალური უძველესი ქალაქია, რომელიც თურქეთის ჩრდილოეთ ეგეოსის სანაპიროზე, ჩანაქქალეს (Çanakkale) პროვინციაში მდებარეობს და 5 000 წელზე მეტ ისტორიას ინახავს.
ტროაში არქეოლოგიური გათხრები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ხელმძღვანელობით კვლავ გრძელდება. სპეციალისტები ყოველდღიურად ახალ აღმოჩენებს აკეთებენ და მიწის ქვეშ დამალულ ისტორიულ საიდუმლოებებს ავლენენ. 2026 წლის გათხრების სეზონის ფარგლებში არქეოლოგები მუშაობენ იმისთვის, რომ უფრო მეტი გაიგონ როგორც ტროას, ისე ლეგენდარული ტროას ომის შესახებ, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში შთააგონა უამრავ მწერალსა თუ მხატვარს.
2026 წლის გათხრების დროს არქეოლოგებმა ტროას ქვედა ქალაქში რომაული პერიოდის ნაშთები აღმოაჩინეს -მათ შორის, ძველი ქუჩები და მაღაზიების კვალიც, რაც იმდროინდელი ადამიანების ცხოვრების შესახებ უამრავ ინფორმაციას გვაწვდის. ასევე გრძელდება ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ბრინჯაოს ხანის სასახლის ნაშთების შესწავლა.
ახალი აღმოჩენები ტროას კიდევ უფრო საინტერესო ადგილად აქცევს ისტორიის მოყვარულთათვის. კინოს მიმართ გაზრდილი ინტერესის ფონზე, სტუმრებს საშუალება აქვთ, საკუთარი თვალით ნახონ ქალაქი, სადაც ლეგენდის მიხედვით ცხოვრობდა მეფე პრიამი, იბრძოდა ჰექტორი, ხოლო აქილევსი ბერძნულ ლაშქრობას ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ტროა ათასწლეულების განმავლობაში არსებობდა - ადრეული ბრინჯაოს ხანიდან რომის იმპერიის პერიოდამდე. არქეოლოგებმა ქალაქის 10 კულტურული ფენა შეისწავლეს, რომლებიც მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპს ასახავს.
ქალაქის მნიშვნელობას მისი მდებარეობაც განაპირობებდა - ტროა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა და საუკუნეების განმავლობაში ვაჭრობისა და კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო.
ტროას მუზეუმი- ქალაქის ისტორია ერთ სივრცეში
უძველესი ქალაქის შესასვლელთან მდებარეობს ტროას მუზეუმი, რომელიც არქეოლოგიური კომპლექსის იდეალური გაგრძელებაა.
ჯილდოს მფლობელი მუზეუმი თანამედროვე საგამოფენო სივრცეში ტროას ისტორიას შვიდი თემატური ექსპოზიციის საშუალებით აცოცხლებს. აქ წარმოდგენილია გათხრების დროს აღმოჩენილი ასობით არტეფაქტი, ქანდაკება, საფლავის ქვები, ფოტომასალა და სხვა უნიკალური ექსპონატები.
მუზეუმში სტუმრები არა მხოლოდ ტროას ისტორიას, არამედ არქეოლოგიისა და არქეომეტრიის თანამედროვე მეთოდებსაც გაეცნობიან და უკეთ გაიგებენ, როგორ იკვლევენ მეცნიერები უძველეს ცივილიზაციებს.
ტროა რომშიც გამოიფინება
ტროას თემას 2026 წელს რომიც მასპინძლობს. 12 ივნისიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, რომის კოლიზეუმის არქეოლოგიურ პარკში მიმდინარეობს საერთაშორისო გამოფენა „ტროა და რომი: მითები, ლეგენდები და ძველი ხმელთაშუა ზღვის ისტორიები“.
გამოფენაზე წარმოდგენილია 300-ზე მეტი არტეფაქტი, მათგან 220-ზე მეტი თურქეთის 19 მუზეუმიდან არის ჩამოტანილი, რაც დამთვალიერებლებს ტროას ისტორიისა და მისი გავლენის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.