GE
AktualMed.ge

მარდინში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - Mardin Biennial 2026 გაიმართება

Maraqlı - 20 may 2026
მარდინში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - Mardin Biennial 2026 გაიმართება

თურქეთი უკვე წლებია მასპინძლობს მნიშვნელოვან საერთაშორისო და ეროვნულ კულტურულ ღონისძიებებს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა მეგაპოლისი სტამბოლი, რომელიც  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მონახულებად ქალაქად ითვლება. აღსანიშნავია სხვა ქალაქები -ანტალია, იზმირი ასევე თურქეთის დედაქალაქი ანკარა, რომლებიც ქვეყნის როგორც ტურისტულ, ისე  კულტურულ  ცენტრებად ითვლება.

თუმცა ბოლო წლებში თურქეთში კულტურულ  ცხოვრებას მხოლოდ დიდ ქალაქებს არ უკავშირებენ.  ფესტივალები და კულტურული ღონისძიებები აქტიურად იმართება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რაც აუდიტორიის დიდ ინტერესს იწვევს. ამ მხრივ, უახლეს  მოვლენებს შორისაა Mardin Biennial 2026 , რომელიც 2026 წლის 15 მაისიდან 21 ივნისამდე გაიმართება.

2010 წელს დაარსებული "მარდინის ბიენიალე" (Mardin Biennial ) თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც ყოველ წელს ქალაქ მარდინში ტარდება. ის საერთაშორისო ბიენალიების ასოციაციის (IBA) ქსელშია გაერთიანებული, რაც მის საერთაშორისო მნიშვნელობასა და აღიარებას კიდევ უფრო განამტკიცებს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ღონისძიებაზე  მონაწილეობას მიიღებს 40-ზე მეტი არტისტი დაახლოებით 20 ქვეყნიდან.

ჩელენქ ბაფრა, რომელსაც თურქეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, დანიაში, ნიდერლანდებში, იტალიასა და საფრანგეთში არაერთი გამოფენა და ხელოვნების პროექტი  აქვს განხორციელებული, წელს „მარდინის ბიენალეს“ მეშვიდე ღონისძიების კურატორია.

2026 წლის „მარდინის ბიენალე“  თემით -  „GÖKzemin“ („ცა და მიწა“) გაიმართება. გამოფენებთან ერთად ამ  პროგრამაში შედის ხელოვანების მიერ ჩატარებული ვორქშოფები, საჯარო დისკუსიები და მუსიკალური წარმოდგენები.

მარდინი - სადაც ისტორია, კულტურა და გემოვნება ხვდება ერთმანეთს

უძველესი ქალაქი მარდინი  საუკუნეების განმავლობაში ცივილიზაციებისა და სავაჭრო გზების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ქალაქს ხშირად „ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმსაც“ უწოდებენ. დღეს, მისი არქიტექტურა და კულტურა სხვადასხვა ხალხისა და ცივილიზაციის გავლენას ასახავს.

მარდინის მთავარი ღირსშესანიშნაობებია მარდინის დიდი მეჩეთი (Grand Mosque of Mardin), დეირულზაფარანის მონასტერი (Deyrulzafaran Monastery), მორ ბეჰნამის ეკლესია (Behnam Church), ზინჯერიის მედრესე (Zinciriye Madrasa )და ქასიმიეს მედრესე (Kasımiye Madrasa). რეგიონში ასევე მდებარეობს მორ გაბრიელის მონასტერი (Mor Gabriel Monastery) და უძველესი ქალაქი დარა  (Dara Ancient City), რომელსაც „მესოპოტამიის ეფესოსსაც“ უწოდებენ.   

მარდინი  ცნობილია არა მხოლოდ ისტორიული ძეგლებით, არამედ მრავალფეროვანი სამზარეულოთიც. მარდინის ტრადიციულ კერძებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია „სემბუსეკი“ - ხორცით შიგთავსიანი ცომეული  და „იჩლი ქოფთე“. ამ კერძებთან ხშირად სირიულ ღვინოსაც აგემოვნებენ, რომელიც ადგილობრივ სამზარეულოს კარგად ერწყმის.

მარდინში ჩასვლა შესაძლებელია პირდაპირი ფრენებით სტამბოლიდან,  ანკარადან,  იზმირიდან  და ანტალიადან.  ქალაქში სტუმრებს შეუძლიათ დარჩნენ როგორც თანამედროვე სასტუმროებში, ისე ძველ ისტორიულ სახლებში. ასევე, მარდინის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალია „აბბარები“ -  ქვის თაღოვანი გადასასვლელები, რომლებიც ძველი ქალაქის ქუჩებს ერთმანეთთან აკავშირებს. ტურისტებს აქედან ხშირად მიაქვთ ტრადიციული სუვენირები, მათ შორის ფილიგრანი  და სხვ.