GE
AktualMed.ge

სტამბოლის ისტორიული ბაზარი

Maraqlı - 29 fev 2024
სტამბოლის  ისტორიული ბაზარი

ულამაზესი სტამბოლი ყოველთვის ახერხებს სტუმრების მოხიბვლასა და გაოცებას თავისი ენერგიული და სიცოცხლით სავსე ცხოვრების სტილით, გამორჩეული არქიტექტურით, კულტურით, უგემრიელესი კერძებით და სხვა. ეს ის ქალაქია, რომლის ერთხელ მონახულების შემდეგ წარმოუდგენელია უკან დაბრუნების სურვილი არ გაგიჩნდეთ.

დავიწყოთ იქიდან, რომ ბაზრები და ვაჭრობა თურქეთის განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე სავაჭრო ცენტრების გაჩენის მიუხედავად, ბაზრების ჯიხურების კვლავ დიდი მოთხოვნა არსებობს როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში. აქ  გიგანტური ბაზრები გამორჩეულია თავისი კულტურული და ისტორიული ტრადიციებით, რის გამოც აქ ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება.  თურქეთში ქვეყნის მასშტაბით მრავალი ბაზარი არსებობს, თუმცა დღეს ვისაუბრებთ სტამბოლის ყველაზე დიდ დახურულ - გრანდბაზარზე.

გრანდბაზრის (Grand bazar) აშენების იდეა მე –15 საუკუნეში მეჰმედ II– ის დროს გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ იდეა ამ არქიტექტურული სტილისა, ოსმალებმა ბიზანტიელი ინჟინრებისგან ისესხეს.      თანამედროვე ბაზრობის ადგილზე ადრე ორი დიდი ქვის ნაგებობა დაიდგა გუმბათოვანი ჭერით. შემდეგ  სულეიმან I– ის დროს ბაზარმა დაიწყო გაფართოება ხის დამატებითი შენობებით, თუმცა მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში, ბაზარი არაერთხელ აღმოჩნდა  მიწისძვრისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების  ეპიცენტრში, რამაც დიდი ზიანი მიაყენა. მოგვიანებით, სარემონტო სამუშაოების პირობებში იგი აღადგინეს. აღსანიშნავია, რომ საუკუნეების განმავლობაში შეიცვალა არა მარტო ბაზრის იერსახე, არამედ შეთავაზებული საქონელიც.   

ბაზრის სტრუქტურა

სტამბოლის დახურული ბაზარი (დიდი ბაზარი) მდებარეობს ქალაქის ცენტრში ბეიაზითის, ნუროსმანიესა და მერჯანის უბნებს შორის. იგი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი დახურული ბაზარი. მასში დაახლოებით 4000 მაღაზიაა განთავსებული, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათას კაცს აჭარბებს. სავაჭრო კომპლექსი გადაჭიმულია 110 ათას კვადრატულ მეტრზე, საიდანაც 45 ათასი დახურულ სივრცეს ეთმობა, ასევე არის 12 მეჩეთი და სკოლაც კი. კომპლექსში იყიდება ტანსაცმელი, სუვენირები, ქსოვილები, ანტიკვარული ნივთები, სპილენძის მოხატული  ჭურჭლები, ოქროსა და ვერცხლისგან დამზადებულიი სამკაულები, სანელებლები, სხვადასხვა თურქული ჩაი, ყავა, ბაქლავა, ჰალვა, ლოქუმი და სხვ. თუმცა ეს მცირედი ნაწილია იმისა, თუ რის შეძენა შეგიძლიათ სტამბოლის დიდ ბაზარზე.

სტამბოლის  ისტორიული ბაზარი