ანტალია, რომელიც მდებარეობს თურქეთის სამხრეთ სანაპიროზე, ქალაქია, სავსე მზით, ზღვითა და ისტორიით. კულტურული ტურიზმი ნიშნავს, რომ მოგზაურები არა მხოლოდ ისვენებენ, არამედ ეცნობიან ქვეყნის ისტორიას, ძეგლებსა და ტრადიციებს. დღეს ასეთი ტურიზმი ძალიან პოპულარულია და სწრაფად ვითარდება. კვლევების თანახმად, გლობალური მემკვიდრეობის ტურიზმის ბაზარი 2025 წელს 624.55 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული და ამ პროგნოზით, 2033 წლისთვის 936.97 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ, თურქეთი წამყვანი ქვეყანაა, რადგან აქ უამრავი ცივილიზაციის კვალია შემორჩენილი.
თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქია ანტალია - თურქეთის ტურისტული ცენტრი, რომელიც მდებარეობს ძველი ისტორიული რეგიონების გასაყარზე. ის, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმს ჰგავს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ უძველესი თეატრები, ნანგრევები და არქეოლოგიური ძეგლები. ზოგადად, ანტალიაში მოგზაურობა შეგიძლიათ დაიწყოთ ლიკიის დედაქალაქ ქსანთოსიდან, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი ლეტონთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილებში ნაპოვნმა წარწერებმა არქეოლოგებს საშუალება მისცა, ლიკიური ენა გაეშიფრათ და შეესწავლათ.
ამის შემდეგ შეგიძლიათ ეწვიოთ უძველეს ქალაქ პატარას, რომელიც ლიკიის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იყო. ასევე, ეს იყო ადგილი, სადაც დაიბადა წმინდა ნიკოლოზი. სწორედ ამიტომ აღნიშნული ადგილი განსაკუთრებულად გამოირჩევა ისტორიული მნიშვნელობით. კულტურული ძეგლების გარდა, პატარაში მდებარეობს ბულეუტერიონი - ნაგებობა, რომელიც ლიკიის ლიგის შეხვედრების ადგილად ითვლებოდა და წარმოადგენს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ერთ-ერთ ადრეულ მაგალითს, რომელიც ძვ.წ. II საუკუნით თარიღდება. ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს ახლახან აღდგენილი დიდი შუქურა, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ ადგილის ისტორიულ მნიშვნელობას.
პატარა ასევე, გამოირჩევა თავისი 18-კილომეტრიანი სანაპიროთი, რომელიც დაცული ტერიტორიაა და წარმოადგენს კუების, Caretta caretta ადგილს.
გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა. შემდეგი გაჩერებაა მირა - ლიკიის უძველესი ქალაქი, რომელიც ცნობილია კლდეში ნაკვეთი სამარხებითა და მდიდარი ორნამენტული რელიეფებით. მირა ასევე, დაკავშირებულია წმინდა ნიკოლოზთან, რომელიც ძველად ამ ქალაქის ეპისკოპოსი იყო. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ მის სახელობის ეკლესიას, სადაც, გადმოცემის მიხედვით, მან მრავალი სასწაული მოახდინა.
აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე ნახავთ პერგეს, რომელიც არის ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული უძველესი ქალაქი. აქ შეგიძლიათ ნახოთ კოლონადებით გაფორმებული ქუჩები, საგუშაგო კოშკები, რომაული აბანოები, აგორები, დიდი თეატრი და ნალის ფორმის სტადიონი, რომელიც ერთ დროს დაახლოებით 12 000 მაყურებელს იტევდა.
პერგე პამფილიის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იყო. ის ცნობილია დახვეწილი რომაული ქანდაკებებით და იმითაც, რომ ქალებს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ ქალაქის მართვაში, რაც იმ დროისთვის საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო. ასევე, ეს ადგილი წმინდა პავლეს გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გაჩერებად ითვლება.
მოგზაურობა სრულდება სიდეში - პამფილიის ყველაზე მნიშვნელოვან საპორტო ქალაქში. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ უძველესი ნანგრევები, სადაც ძველი ცივილიზაციების კვალია შემორჩენილი. სიდეში კულტურულ ღირსშესანიშნაობათაგან განსაკუთრებით გამორჩეულია აპოლონის ტაძარი, რომელიც მზის ჩასვლის დროს ულამაზეს ხედს ქმნის და ანტალიის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება.
საგულისხმოა, რომ ანტალიაში მოგზაურობის კიდევ ერთი დიდი პლუსი ის არის, რომ აქ არსებული უძველესი ადგილები - ასპენდოსი, პატარა და სიდე ჩართულია „ღამის მუზეუმების“ პროგრამაში. ამ პროგრამის ფარგლებში ზემოაღნიშნული ადგილები საღამოს 22:00 საათამდეა ღია. გარდა ამისა, პერგე, მირა და სიდეს არქეოლოგიური მუზეუმი ვიზიტორებს საღამოს 21:00 საათამდე იღებს.
აღსანიშნავია, რომ „ღამის მუზეუმების“ პროგრამის მასშტაბები 2026 წელს კიდევ უფრო გაიზრდება და გაფართოვდება, რაც ტურისტებს საშუალებას მისცემს, უფრო კომფორტულად და მშვიდად დაათვალიერონ ეს უნიკალური ისტორიული ადგილები.