GE
AktualMed.ge

ანტალია - 2026 წლის საერთაშორისო ღონისძიებების ცენტრი

Maraqlı - 16 iyn 2026
ანტალია - 2026 წლის საერთაშორისო ღონისძიებების ცენტრი

შთამბეჭდავი ბუნება,  უძველესი ისტორიული ძეგლები და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ანტალიას თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად აქცევს. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი თანამედროვე კომფორტს, მაღალი დონის კურორტებსა და გამორჩეულ გასტრონომიას გთავაზობთ.

ანტალია ასევე, საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობისთვის  ერთ-ერთი წამყვანი ქალაქია თურქეთში. აქ 300-ზე მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და 175 000-ზე მეტი საკონფერენციო ადგილია. G20-ის სამიტის წარმატებით ჩატარების შემდეგ, ქალაქმა საერთაშორისო შეხვედრებისა და კონგრესების სანდო მასპინძლის რეპუტაცია მოიპოვა.  

2026 წელს ანტალია ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს. მათ შორისაა  ასტრონავტიკის 77-ე საერთაშორისო კონგრესი (IAC) (5-9 ოქტომბერი) და გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია (COP31) (9-20 ნოემბერი). აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ  ანტალიაში გაიმართა თურქეთის პირველი საერთაშორისო სპორტული ტურიზმის გამოფენა - Sports & Events Türkiye,  რომელმაც სპორტისა და ტურიზმის სფეროს არაერთი პროფესიონალი, მონაწილე და ვიზიტორი გააერთიანა.   
ქალაქში ასევე გაიმართება ცნობილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული ასპენდოსის ოპერისა და ბალეტის ფესტივალი  და გოლფის საერთაშორისო ტურნირი - Turkish Airlines Open.

ანტალიის მოდის კვირეული

აღსანიშნავია, რომ 2-4 ივნისს ანტალიამ მეცხრედ უმასპინძლა ანტალიის მოდის კვირეულს - Antalya Fashion Week-ს (AFW). აღნიშნული  ღონისძიების მიზანი ქალაქის კულტურის, მრავალფეროვანი გარემოსა და უნიკალური ბუნების საერთაშორისო მოდის სამყაროში წარმოჩენა იყო.

მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა ჩვენებები ისტორიულ ლოკაციებზე, შემოქმედებითი შეხვედრები და ჩატარდა სხვადასხვა სპეციალური პროგრამა.  ღონისძიებაში ასევე,  მონაწილეობდნენ როგორც თურქი, ისე უცხოელი დიზაინერები, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან.


ანტალია -  ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულება

ანტალია დიდი ხანია თურქეთის ერთ-ერთ წამყვან საკურორტო ქალაქად ითვლება. თბილი კლიმატი და მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები მას ოთხივე სეზონზე მიმზიდველ მიმართულებად აქცევს.
ქალაქი სამი უძველესი რეგიონის -  ლიკიის, პამფილიისა და პისიდიის   გზაჯვარედინზე მდებარეობს. ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ ძველი ქალაქი კალეიჩი (Kaleiçi), ასევე ცნობილი ანტიკური ქალაქები ასპენდოსი (Aspendos), პატარა (Patara), სიდე (Side) და ფასელისი (Phaselis).  
ასევე ამ ქალაქში  შესაძლებელია ლაშქრობა ლიკიურ ბილიკზე (Lycian Way), ველომოგზაურობა ტაუროსის მთებში, ნავით გასეირნება და ფარული ყურეების აღმოჩენა. 
აღსანიშნავია, რომ ანტალიაში ტურისტული სეზონი ხშირად ოქტომბრამდე გრძელდება. სტუმრებს შეუძლიათ გოლფის თამაში ბელეკში (Belek), დაივინგი ქაშში (Kaş), კარაინისა (Karain) და დამლათაშის (Damlataş) მღვიმეების მონახულება ან რაფტინგი ქოფრულუს კანიონში (Köprülü Canyon).

საგულისხმოა, რომ მოგზაურობას განსაკუთრებულ ელფერს სძენს ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოც, რომელიც ახალი ზღვის პროდუქტებით, ზეითუნის ზეთითა და ადგილობრივი ღვინოებით გამოირჩევა.