GE
AktualMed.ge

თურქეთის გამორჩეული სოფლები - მშვიდი გარემო, ტრადიციები და ბუნება

Maraqlı - 12 iyn 2026
თურქეთის გამორჩეული სოფლები - მშვიდი გარემო, ტრადიციები და ბუნება

დღეს ბევრი მოგზაური დასვენებისთვის ისეთ მიმართულებებს ირჩევს, სადაც ყოველდღიური რუტინისა და ქალაქის აურზაურისგან მოშორებით შეძლებს  განტვირთვას. სწორედ ასეთი დასვენების მსურველების  თურქეთი მრავალ საინტერესო მიმართულებას სთავაზობს. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე სოფლები სტუმრებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ცხოვრების წესს, რომლებიც თაობებიდან თაობებს გადაეცემა.
თურქეთის არაერთი სოფელი ვიზიტორებს ბუნებასთან სიახლოვეს, ავთენტურ გარემოს, ადგილობრივ სამზარეულოსა და სოფლის მშვიდ ცხოვრებას სთავაზობს. აქ შესაძლებელია ისტორიული ქუჩების, ტრადიციული სახლებისა და ხელოსნობის ადგილობრივი ტრადიციების აღმოჩენა, ასევე რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების დაგემოვნება და საოცარ ბუნებსი ადგილებში დასვენება.
აღსანიშნავია, რომ ამ სოფლებიდან რამდენიმე საერთაშორისო აღიარებითაც სარგებლობს და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის „საუკეთესო ტურისტული სოფლების“ სიაშია შეტანილი. აღნიშნული ინიციატივა იმ დასახლებებს აერთიანებს, რომლებიც წარმატებით ინარჩუნებენ კულტურულ მემკვიდრეობას, ადგილობრივ ტრადიციებსა და ბუნებრივ გარემოს, ამავდროულად კი მდგრადი ტურიზმის განვითარებას უწყობენ ხელს.
  ბარბაროსი - სტუმართმოყვარეობის სოფელი
იზმირის ურლას რაიონში მდებარე ბარბაროსის დასახლება, რომლის ისტორიაც 700 წელს ითვლის, 2025 წელს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ „საუკეთესო ტურისტულ სოფლად“ დასახელდა. ეს პატარა სოფელი სტუმრებს ავთენტური ატმოსფეროთი, ქვის ტრადიციული სახლებით, ვიწრო ქუჩებითა და ადგილობრივი ხელოსნების ნამუშევრებით იზიდავს.
მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტრადიციაა „Çat Kapı“, რაც სიტყვასიტყვით „კარზე დაკაკუნებას“ ნიშნავს. ამ ტრადიციის მიხედვით, ადგილობრივები სტუმრებს გულღიად იღებენ, საკუთარ სახლებში ეპატიჟებიან და შინ მომზადებული ეგეოსური სამზარეულოს კერძებით უმასპინძლდებიან, რაც სოფლის სტუმართმოყვარე ხასიათს განსაკუთრებულად წარმოაჩენს.
საგულისხმოა, რომ სოფელი განსაკუთრებით ცოცხლდება სექტემბერში, როდესაც აქ ე.წ საფრთხობელების ფესტივალი იმართება. ამ დღეებში ბარბაროსის ქუჩები, ეზოები და მოედნები ასობით ხელნაკეთი საფრთხობელათი ირთვება, რაც სოფელს ფერად და გამორჩეულ სანახაობად აქცევს.
ბარბაროსის სიახლოვეს მდებარეობს ურლას ცნობილი ღვინის მარშრუტიც, რომელიც ღვინის მაღალხარისხიანი მეურნეობებით, ვენახებითა და გამორჩეული რესტორნებითაა ცნობილი. ამიტომ სოფელი საინტერესო არჩევანია მათთვის, ვისაც კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის ტურიზმის ერთ სივრცეში აღმოჩენა სურს.
 
ქალე უჩაღიზი (Kale Üçağız) და ორმანა (Ormana)  
ანტალიის რეგიონში მდებარე ქალე უჩაღიზი (Kale Üçağız), იგივე „ციხესიმაგრის სოფელი“, მშვიდ გარემოს, ისტორიულ მემკვიდრეობასა და ბუნებრივ სილამაზეს აერთიანებს. ქვის სახლები, საოჯახო რესტორნები და შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სოფელს განსაკუთრებულ ატმოსფეროს სძენს. აქ სტუმრებს შეუძლიათ ნავით გასეირნება, კაიაკინგი და დაივინგი, ასევე ცნობილი ლიკიური ბილიკის (Lycian Way) მონახულება. სოფლის სიახლოვეს მდებარეობს უძველესი ქალაქი მირა (Myra) და დემრეში  მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (St. Nicholas Church).
ტაურუსის მთებში მდებარე ორმანა (Ormana) კი ცნობილია უნიკალური ტრადიციული ქვისა და ხის კონსტრუქციის სახლები („Düğmeli Evler“), რომლებიც ქვისა და კედრის ხისგან ტრადიციული მეთოდებითაა აგებული. დღეს მათი ნაწილი ბუტიკურ სასტუმროებად ფუნქციონირებს. სოფელი ასევე გამოირჩევა ადგილობრივი სამზარეულოთი, აბრეშუმის ქსოვის ტრადიციითა და ბუნების ღირსშესანიშნაობებით. აქვე მდებარეობს ალთინბეშიქის მღვიმე (Altınbeşik Cave) - თურქეთის ყველაზე დიდი მიწისქვეშა ტბით, ასევე ეინიფის ველი (Eynif Plain), სადაც ველური ცხენები ბინადრობენ.

ანითლი (Anıtlı) - შუა საუკუნეების ატმოსფერო მარდინში
მარდინის  რეგიონში, ისტორიულ ტურ აბდინში (Tur Abdin) მდებარე სოფელი ანითლი (Anıtlı) საუკუნოვანი ისტორიისა და მრავალფეროვანი კულტურის მქონე სოფელია. აქ საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ სირიული ქრისტიანული და მუსლიმური თემები, რამაც სოფელს უნიკალური იერსახე შესძინა.
ანითლის მახლობლად მდებარეობს მორ გაბრიელის მონასტერი (Mor Gabriel Monastery), რომელიც 397 წელს დაარსდა და მსოფლიოში უძველეს მოქმედ სირიულ მართლმადიდებლურ მონასტრად ითვლება. სოფელი ასევე ცნობილია ტრადიციული სირიული სამზარეულოთი - ღვინით, ბორეკით, ადგილობრივი პურითა და ნუშის ტკბილეულით.
 

Son Məqalələr