GE
AktualMed.ge

თურქეთის ულამაზესი მარშრუტები სპორტისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის

Maraqlı - 19 avq 2026
თურქეთის ულამაზესი მარშრუტები სპორტისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის

თურქეთი ლაშქრობისა და ბუნებაში აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა. ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნება - მთები, სანაპიროები და უნიკალური ლანდშაფტები   სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობას  იძლევა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის სხვადასხვა რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროდან კაპადოკიამდე და მარმარილოს ზღვისპირეთიდან თურქეთის რივიერამდე, მთელი წლის განმავლობაში არაერთი ულტრამარათონი ტარდება. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ადამიანები მოგზაურობისას სულ უფრო ხშირად ირჩევენ სპორტულ და ბუნებასთან დაკავშირებულ აქტივობებს.
ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა Runfire Salt Lake Ultra Trail - ულტრამარათონი, რომელიც აქსარაის პროვინციაში,  ესქილის რაიონში, მარილის ტბის  (Tuz Gölü)  ტერიტორიაზე ტარდება.
წელს  21-23 აგვისტოს  მარილის ტბაზე ულტრამარათონი გაიმართება. შეჯიბრში 13 ქვეყნიდან 750 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე ასობით ვიზიტორი იქნება, რომლებიც     ტბის უჩვეულო, თეთრ ლანდშაფტს იხილავენ.  
მარილის ტბაზე   რბოლა  
მონაწილეებს არჩევანის გაკეთება 7 სხვადასხვა დისტანციას შორის შეეძლებათ, რომლებიც როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მორბენლებისთვისაა განკუთვნილი:
•  10 კმ 
•  10 კმ გუნდური რბოლა 
•  15 კმ - დღის და ღამის რბოლა 
•  20 კმ 
•  40 კმ 
•  80 კმ 
•  100 მილი (160 კმ)
 
ამიტომ შეჯიბრი როგორც მოკლე დისტანციებზე მორბენალებისთვის, ისე გამოცდილი სპორტსმენებისთვისაა გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ Runfire Salt Lake Ultra Trail თავდაპირველად Runfire Cappadocia-ს ყველაზე რთული ეტაპი იყო. Runfire Cappadocia 2012 წელს ჩატარდა და თურქეთში ლიკიის გზის ულტრამარათონის შემდეგ მეორე მრავალეტაპიანი  მარათონი გახდა. 2016 წლიდან ეს ეტაპი დამოუკიდებელ ერთეტაპიან შეჯიბრებად ჩამოყალიბდა და ამ პერიოდიდან    მარილის ტბის „თეთრ სივრცეში“ ტარდება.
ღონისძიება მხოლოდ სპორტული შეჯიბრებით არ შემოიფარგლება. მონაწილეებსა და სტუმრებს ელოდებათ სპეციალური ბანაკი, მუსიკა, ცოცხალი წარმოდგენები და სხვადასხვა გასართობი აქტივობა.
ბუნების დაცვა და მდგრადი განვითარება
მარილის ტბა ცენტრალურ ანატოლიაში, ანკარის, აქსარაისა და კონიის პროვინციებს შორის მდებარეობს. ის თურქეთის სიდიდით მეორე ტბაა, თუმცა ძალიან მცირე სიღრმე აქვს -  საშუალოდ 50 სანტიმეტრზე ნაკლები, მაქსიმალური სიღრმე კი დაახლოებით ერთი მეტრია.
ზაფხულში, სიცხის გამო, წყალი თანდათან ორთქლდება და ტბის ზედაპირზე სქელი მარილის ფენა ჩნდება, რომლის სისქემ შესაძლოა დაახლოებით 30 სანტიმეტრს მიაღწიოს. სწორედ ეს ქმნის იმ უჩვეულო თეთრ ლანდშაფტს, სადაც ულტრამარათონი ტარდება.
მარილის ტბა მხოლოდ შთამბეჭდავი ბუნებრივი სანახაობა არ არის. ის მნიშვნელოვანი ბუნებრივი თავშესაფარია გადამფრენი ფრინველებისთვის და განსაკუთრებული გარემოსდაცვითი დაცვის ზონად არის აღიარებული. ტბა ასევე თურქეთში ფლამინგოების გამრავლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც ყოველწლიურად ათასობით ფრინველი ბუდობს.
მისი განსაკუთრებული ბუნებრივი და ეკოლოგიური მნიშვნელობის გამო, მარილის ტბის სპეციალური გარემოსდაცვითი დაცვის ტერიტორია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარ ნუსხაშიც არის შეტანილი.
ღონისძიების დეტალები:
თარიღი: 21-23 აგვისტო, 2026
ადგილი: მარილის ტბა, ესქილი, აქსარაის პროვინცია, თურქეთი
100-მილიანი რბოლის დაწყება: 21 აგვისტო
ფესტივალი და სხვა რბოლები: 22 აგვისტო
დაჯილდოება: 22–23 აგვისტო
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 აგვისტო