თურქეთში „ღამის მუზეუმების“ პროექტის მესამე სეზონი დაიწყო. ინიციატივის მიზანია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მუზეუმები ვიზიტორებისთვის ჩვეულ სამუშაო საათების შემდეგაც ხელმისაწვდომი გახადოს.
2026 წლის 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე, 20 მუზეუმი და არქეოლოგიური ძეგლი საღამოს 19:00 საათიდან გვიან ღამემდე იმუშავებს. პროექტი მოიცავს ისეთ გამორჩეულ ადგილებს, როგორებიცაა ნემრუთის მთა, ეფესო, ზეუგმას მოზაიკის მუზეუმი და გალათას კოშკი.
სტამბოლის კულტურული მემკვიდრეობა ღამით
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სტამბოლია, სადაც ღამის საათებში ღია იქნება სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმები, გალათას კოშკი და თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სხვადასხვა ცივილიზაციის უნიკალურ ექსპონატებს, დაათვალიერონ ქალაქის ღამის ხედები და ისტორიული მემკვიდრეობა სრულიად ახალ გარემოში აღმოაჩინონ.
ანტიკური ქალაქები ეგეოსის ზღვის სანაპიროზე
იზმირში მდებარე ეფესო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგად შემონახულ რომაულ ქალაქად ითვლება, ღამის განათებით განსაკუთრებულ ლამაზი ხდება. პროგრამაში ასევე შედის დენიზლის იერაპოლისი და აიდინის დიდიმაში მდებარე აპოლონის ტაძარი, რომლებიც ღამით განათებული არქიტექტურითა და ისტორიული გარემოთი სტუმრებს საკმაოდ განსხვავებულ და საინტერესო გამოცდილებას სთავაზობენ.
ისტორია თურქული რივიერას ფონზე
აღსანიშნავია, რომ ანტალიის რეგიონში ღამით შესაძლებელი იქნება ასპენდოსის, პატარასა და სიდეს მონახულება. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ასპენდოსის შესანიშნავად შემონახული რომაული თეატრი, პატარას უძველესი საკრებულოს შენობა და ახლად აღდგენილი შუქურა, ასევე სიდეს ზღვისპირა აპოლონის ტაძარი. კულტურული მარშრუტის ნაწილია ალანიისა და ლიკიური ცივილიზაციების მუზეუმებიც.
ანატოლიის გამორჩეული ღირსშესანიშნაობები
პროექტში ჩართულია ანატოლიის სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებიც, მათ შორის ადიამანში არსებული ნემრუთის მთა თავისი მონუმენტური ქანდაკებებით, ბითლისში აჰლათის ისტორიული საფლავის ქვები და კაპადოკიაში მდებარე დერინქუიუს მიწისქვეშა ქალაქი. ღამის საათებში დამთვალიერებლებს მიიღებენ ასევე ანკარის ანატოლიური ცივილიზაციების მუზეუმი, გაზიანთეფში ზეუგმას მოზაიკისა და შანლიურფაში არქეოლოგიური და მოზაიკის მუზეუმები.
„ღამის მუზეუმების“ პროექტი არა მხოლოდ ტურისტებისთვის ახალი გამოცდილების შექმნას ემსახურება, არამედ ისტორიულ ძეგლებზე ვიზიტორთა ნაკადის უფრო თანაბრად გადანაწილებას, დღის საათებში დატვირთვის შემცირებასა და კულტურული მემკვიდრეობის მდგრად დაცვასაც უწყობს ხელს.