ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება ოჯახური მოგზაურობები, სადაც ერთად მიდიან ბავშვები, მშობლები და ამავე დროს, ბებია-ბაბუებიც. 2026 წლის მონაცემებით, მოგზაურთა დაახლოებით 31% ოჯახთან ერთად გეგმავს დასვენებას, ახალგაზრდა თაობა კი (Gen Z და Millennials) უფრო ხშირად მშობლებთან ერთად მოგზაურობს. ასეთი მოგზაურობები ბევრისთვის ნიშნავს არა მხოლოდ დასვენებას, არამედ ოჯახური კავშირის გაძლიერებას და მათთან ერთად დაუვიწყარი მოგონებების შექმნას.
თურქეთი ოჯახური მოგზაურობისთვის საუკეთესო არჩევანია. ქვეყანას აქვს ხელსაყრელი მდებარეობა და აქ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მარტივად არის ხელმისაწვდომი პირდაპირი რეისები. თბილი კლიმატი, კომფორტული სასტუმროები და მრავალფეროვანი აქტივობები საშუალებას იძლევა ყველა ასაკის ადამიანმა საუკეთესოდ დაისვენოს. მაგალითად, ახალგაზრდები ხშირად ერთვებიან აქტიურ და თავგადასავლებით სავსე საქმიანობაში - იქნება ეს ველოსიპედით სეირნობა, დაივინგი თუ ისტორიული ადგილების დათვალიერება , ხოლო უფროსი თაობა უფრო მეტად სიამოვნებას იღებს ჰამამში განტვირთვით, ტრადიციული კერძების დაგემოვნებითა და მშვიდ გარემოში სეირნობით. საბოლოოდ, ასეთი მოგზაურობა აერთიანებს ოჯახს და ქმნის დაუვიწყარ და ემოციებით აღსავსე გამოცდილებას.
ბელექი (ანტალია) — იდეალური ოჯახური დასვენება
ანტალიის რეგიონში მდებარე ბელექი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ოჯახებისთვის. ის ქალაქიდან მხოლოდ 20 წუთის სავალზეა და სტუმრებს სთავაზობს კომფორტულ სასტუმროებს, დიდ სანაპიროებსა და კარგად ორგანიზებულ გასართობ სივრცეებს ბავშვებისთვის. აქ თითქმის მთელი წელი მზიანი ამინდია, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია როგორც დასვენებისა და განტვირთვისთვის, ისე გოლფის მოყვარულებისთვის. ოჯახებს შეუძლიათ დრო გაატარონ ზღვის სანაპიროზე ან ეწვიონ “Land of Legends”-ს, რომელიც თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასართობი პარკია. ბელექის სიახლოვეს მდებარეობს მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქებიც - სიდე, ასპენდოსი და პერგე, ხოლო ბუნების მოყვარულებს შეუძლიათ ნახონ მანავგატის და ქურშუნლუს ჩანჩქერები ან მონაწილეობა მიიღონ რაფტინგში ქოფრულუს კანიონში.
ტროა (ჩანაქქალე) — ისტორიული თავგადასავალი
ჩანაქქალეს რეგიონში მდებარე ტროა უნიკალური ისტორიული ადგილია, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვისაც. ეს არის UNESCO-ს სიაში შეტანილი ძეგლი, რომელსაც 5000 წელზე მეტი ისტორია აქვს და ათი სხვადასხვა არქეოლოგიური ფენა აერთიანებს. ტროას მონახულება კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება თანამედროვე მუზეუმთან ერთად, სადაც გამოფენილია გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები. ასევე საინტერესოა ასოსის მონახულება, სადაც ოდესღაც არისტოტელე ასწავლიდა. აქ შესაძლებელია აქტიური დასვენებაც - ველოსიპედით სეირნობა, დაივინგი ან ღვინის მარშრუტების აღმოჩენა.
ურლა (იზმირი) - გემრიელი და მშვიდი დასვენება
იზმირთან ახლოს მდებარე ურლა იდეალურია მათთვის, ვისაც მშვიდი და გემრიელი დასვენება სურს. ეს ადგილი გამოირჩევა ქვის სახლებით, მყუდრო ქუჩებითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთი. აქ არის ხელოსნების ქუჩა, სადაც თითოეული პატარა სივრცე განსხვავებულ კულტურასა და ისტორიას გადმოსცემს. ურლა ასევე ცნობილია თავისი ღვინის მარშრუტებითა და ვენახებით, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ადგილობრივი ღვინის დაგემოვნება და ბუნების სილამაზით ტკბობა. ოჯახებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ადგილობრივი ფერმების მონახულება, სადაც ბავშვებს შეუძლიათ ბუნებასთან უშუალო კონტაქტი.
ბურსა - ისტორია, ბუნება და გემო ერთად
ბურსა, რომელიც სტამბოლიდან დაახლოებით ორი საათის სავალზე მდებარეობს, აერთიანებს ისტორიას, ბუნებასა და საოცარ სამზარეულოს. აღსანიშნავია, რომ ეს ქალაქი ოდესღაც ოსმალეთის პირველი დედაქალაქი იყო და დღემდე ინარჩუნებს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ კულტურული ძეგლები, დაათვალიეროთ ისტორიული ქარვასლები და ბაზრები, ან საბაგიროთი ახვიდეთ ულუდაღის მთაზე, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ქუმალიქიზიქის სოფელი, სადაც კარგად არის შენარჩუნებული უძველესი ოსმალური სახლები. ბურსა ასევე ცნობილია თერმული წყლებით, რაც იდეალურია დასვენებისთვის, განსაკუთრებით უფროსი თაობისთვის. ახლოს მდებარე იზნიქი კი ისტორიულ ადგილებთან ერთად ხელნაკეთი კერამიკის ტრადიციითაც გამოირჩევა. რაც შეეხება კვებას, დღის დასასრულს კი, საუკეთესო არჩევანია ოჯახთან ერთად ცნობილი ისქენდერ ქაბაბის დაგემოვნება.