მოგზაურობის თანამედროვე ტენდენციები იცვლება. დღეს, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ველნეს-მოგზაურობა, რომელიც ეყრდნობა უძველეს სამკურნალო ტრადიციებს, ბუნებაზე დაფუძნებულ რიტუალებს და კანის მოვლასა და განახლებაზე ორიენტირებულ მეთოდებს.
Matador Network Travel Awards-ის მიხედვით, 2025 წლის საუკეთესო ველნეს-დანიშნულებად აღიარებული ქვეყანა - თურქეთი ამ მიმართულებით გამორჩეულ და მრავალფეროვან შესაძლებლობებს გვთავაზობს.
როგორც ინდივიდუალური მოგზაურობისას, ისე ოჯახთან ერთად შეგიძლიათ ისარგებლოთ თურქეთის ველნესმომსახურებებით, რომელიც ამ ზამთარს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
თურქეთის ზამთრის კლასიკა - თერმული წყლები და მარადიული განახლება
სამკურნალო ტრადიცია, რომელიც ანტიკური ეპოქიდან იღებს სათავეს, თურქეთს მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ველნეს-დანიშნულებად აქცევს. ანატოლიის რეგიონში მდებარეობდა ძველი სამკურნალო ცენტრები - იერაპოლისი და პერგამონი, სადაც თერმული წყლები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ჯანმრთელობის აღსადგენად. დღეს თურქეთი თერმული რესურსების სიმრავლით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა, ხოლო ევროპაში პირველზე. ქვეყნის მასშტაბით კი 1,500-ზე მეტი თერმული წყაროა.
აფიონქარაჰისარი, ბურსა და დენიზლის ფამუქქალე ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების მარშრუტშია გაერთიანებული, რაც ქვეყნის მდიდარ თერმულ მემკვიდრეობას უსვამს ხაზს.
აფიონქარაჰისარი ცნობილია მინერალებით მდიდარი წყლებითა და სამკურნალო ტალახის აბაზანებით, რომლებიც ტრადიციულად, ანტიასაკობრივ და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ეფექტებთან ასოცირდება. ბურსაში თერმული კულტურა ყოველდღიურ ცხოვრებასა და თანამედროვე ფიზიოთერაპიულ პრაქტიკაშიც არის ინტეგრირებული. იუნესკოს სიაში შეტანილი ფამუქქალე და ძველი იერაპოლისი საუკუნეების განმავლობაში იზიდავდა ადამიანებს, რომლებსაც განკურნება და განტვირთვა სურდათ. ეს ყველაფერი კი ტრავერტინის თეთრი ტერასებითა და მინერალური აუზებით, მათ შორის ლეგენდარული „კლეოპატრას აუზით“ იყო შესაძლებელი..
თურქეთში თერმული კურორტები მხოლოდ ამ ცნობილი ადგილებით არ შემოიფარგლება - მსგავსი მიმართულებები მრავლადაა ბალიქესირიდან იალოვამდე და აიდინიდან ბოლუმდე, სადაც წყლის ბუნებრივი ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში სტაბილურია.
სპა და ჰამამი და ტრადიციული რიტუალები და თანამედროვე „გლოუ-დასვენება“
თურქეთის ველნეს-კულტურა წარმოუდგენელია ჰამამის - ტრადიციული თურქული აბანოს გარეშე. ისტორიულ ჰამამებში სტუმრებს ელოდებათ ორთქლის აბაზანები, ღრმა გამწმენდი სკრაბ-რიტუალები და გაჯანსაღების პროცედურები, რომლებიც სხეულისა და კანის განახლებას უწყობენ ხელს.
აღსანიშნავია, რომ სტამბოლში მდებარე ზეჰრექ ჩინილის ჰამამი მოხვდა Time-ის „მსოფლიოს საუკეთესო ადგილების 2024" და National Geographic-ის „საუკეთესო ველნეს-გამოცდილებები 2026“ სიებში.
ბუნებრივი ველნეს-დასვენება
ველნეს-მოგზაურები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ბუნებასთან ახლოს მდებარე გარემოს, სადაც შესაძლებელია ყოველდღიური სტრესისგან გათიშვა. იოგას რითრითები, ორგანული ფერმები და დეტოქს-ცენტრები - განსაკუთრებით ბოდრუმში, ფეთიეში და ანტალიაში. ეს ყველაფერი ქმნის სხეულისა და გონების აღდგენის იდეალურ პირობებს.
პროგრამები, როგორც წესი, მოიცავს იოგას, პილატესს, სუნთქვით პრაქტიკებსა და დაბალანსებულ კვებას. აღსანიშნავია, რომ ორგანიზებული რითრითების გარდა, Cittaslow-ქალაქები და ტურისტული სოფლები სთავაზობს მშვიდ, ბუნებასა და ადგილობრივ ცხოვრებაზე დაფუძნებულ ალტერნატივას.