თურქეთმა 2025 წლის ტურიზმის შედეგები გამოაცხადა: ქვეყანამ 64 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა და ტურიზმიდან 65 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ისტორიული რეკორდია.
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, მეჰმედ ნური ერსოიმ, 2025 წლის ტურიზმის შედეგები სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა. მინისტრის განცხადებით, 2025 წელს თურქეთს 64 მილიონი ტურისტი ეწვია, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 65 მილიარდ 231 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ერსოიმ აღნიშნა:
„2026 წლისთვის ჩვენი მიზანია 68 მილიარდ დოლარამდე მიღწევა.“
ერსოიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, თურქული ტურიზმი უკვე არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზეც მნიშვნელოვან ძალად ჩამოყალიბდა. მისი თქმით, თუ 2017 წელს თურქეთი ტურისტების რაოდენობით მსოფლიოში მე-8 ადგილზე იყო, 2024 წლისთვის ის მე-4 პოზიციაზე გადმოვიდა.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით კი ქვეყანა 2017 წელს მე-15 ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო 2024 წლისთვის მე-7 ადგილზე გადავიდა.
ერსოიმ ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს უკვე აქვს დიდი გამოცდილება და საკმაოდ ეფექტიანი მიდგომა კრიზისების მართვაში. მისი თქმით, ქვეყნის ტურიზმი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ „ზღვა, ქვიშა და მზე“ კონცეფციით და მნიშვნელოვნად გაიზარდა ხარისხი კულტურულ-რელიგიური, არქეოლოგიური, ბუნების, სამედიცინო, გასტრონომიის, კონგრესების, გამოფენების, საკრუიზო და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.
მეჰმედ ნური ერსოის განცხადებით, პროექტები „მემკვიდრეობა მომავლისთვის“ და ღამის მუზეუმები იმ იშვიათ მიღწევებს შორისაა, რომელთა განხორციელებაც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას შეუძლია, და ამ მიმართულებით თურქეთი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითად იქცა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სარეკლამო სტრატეგიაში გამოყენებულმა მინისერიალის მოდელმა გლობალურ დონეზე დიდი წარმატება მოიპოვა. სერიალის „სტამბოლის ისტორია“ ერთმა ეპიზოდმა 32 მილიონი ნახვა დააგროვა, ხოლო ყველაზე ნაკლები ნახვა, რაც სერიალებმა დააგროვა, 10 მილიონია.
თურქეთის 3 უმსხვილესი ტურისტული ბაზარი:
რუსეთის ფედერაცია — 6.90 მილიონი
გერმანია — 6.75 მილიონი
დიდი ბრიტანეთი: 4.27 მილიონი