ანატოლიის ტერიტორიაზე საუკუნეების განმავლობაში მრავალი ცივილიზაცია არსებობდა. მათი ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი კვალი დღესაც არის შემორჩენილი . სწორედ ამიტომ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ დღემდე არაერთი ახალი ისტორიული აღმოჩენა ვლინდება.
უძველესი შადრევნები და კარგად შემონახული ქანდაკებები
თურქეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არქეოლოგიის თვალსაზრისით არის ბურდური, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ტბების რეგიონის ცენტრში მდებარეობს. აქ მდებარე უძველესი ქალაქებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბირა და საგალასოსი. აღნიშნულ ქალაქებში აღდგენილი უძველესი შადრევნები დღესაც მოქმედებს. ბოლო წლებში ორივე ქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა განხორციელდა.
კიბირაში, 2025 წელს, მონუმენტური შესასვლელის, პროპილონის გათხრებისას იმპერატორ ადრიანეს ორი ქანდაკება აღმოაჩინეს. ორივე თითქმის სრულად არის შემონახული. ქალაქის თეატრთან ერთად განსაკუთრებით საინტერესოა მისი დაახლოებით 10 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, სადაც ოდესღაც გლადიატორთა ბრძოლები იმართებოდა. ბოლო პერიოდში სტადიონის სამი შესასვლელი თაღი და აღმოსავლეთ ტრიბუნასთან მდებარე ელინისტური პერიოდის მონუმენტური სამარხიც აღადგინეს. არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს რელიეფი, რომელზეც ტროპაიონი - უძველესი გამარჯვების სიმბოლოა გამოსახული.
საგალასოსში, 2025 წელს, ოდეონის გათხრებისას აღმოაჩინეს ახალგაზრდა მამაკაცის ქანდაკება, რომელსაც მწყემსის კვერთხი და თხის ტყავი აქვს. თავისა და მკლავის გარდა, ქანდაკების თითქმის ყველა დეტალი შემონახულია. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ის შესაძლოა ღმერთ პანს გამოსახავდეს. 2024 წელს კი ნიმფეუმთან არქეოლოგებმა არტემიდას, არესისა და აპოლონის მაღალი რელიეფები აღმოაჩინეს. საგალასოსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარ ნუსხაშია შეტანილი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა თურქეთში
ახალი ქანდაკებებით გამოირჩევა ანტალიის უძველესი ქალაქი ასპენდოსიც. „მომავლის მემკვიდრეობის“ პროექტის ფარგლებში გათხრებისას აღმოაჩინეს 2.20 მეტრი სიმაღლის მარმარილოს ქანდაკებათა ჯგუფი, რომელიც მედიცინის ღმერთ ასკლეპიოსს, მის შვილსა და მკურნალობის სიმბოლოდ ცნობილ ტელესფორს გამოსახავს. ქანდაკება თითქმის სრულად არის შემონახული და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ასპენდოსში ჯანმრთელობისა და განკურნების კულტის შესახებ. მისი შექმნის პერიოდი II საუკუნის მეორე ნახევრით.
ასპენდოსი განსაკუთრებით ცნობილია კარგად შემონახული რომაული პერიოდის უზარმაზარი თეატრით. ზაფხულში მისი მონახულება ღამითაც არის შესაძლებელი -სპეციალური განათებით, „ღამის მუზეუმების“ პროექტის ფარგლებში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეგეოსის რეგიონში, მანისაში მდებარე უძველეს ქალაქ სარდისში განხორციელდა. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული სარდისი ლიდიის სამეფოს დედაქალაქი იყო და ბიბლიაში მოხსენიებული შვიდი ეკლესიიდან ერთ-ერთს უკავშირდება.
აქ არქეოლოგებმა ძვ. წ. V საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებული ახალგაზრდა მამაკაცის კოლოსალური ქანდაკება აღმოაჩინეს. ორ ნაწილად აღმოჩენილი, 2.2 მეტრი სიმაღლის მარმარილოს ქანდაკება განსაკუთრებულად კარგად არის შემონახული. მისი მასშტაბი და სამოსის დეტალები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის იმ პერიოდის ხელოვნებისა და ლიდიური კულტურის შესახებ. ქანდაკება მალე მანისას მუზეუმში იქნება ხელმისაწვდომი დამთვალიერებლებისთვის.
ანატოლიაში არქეოლოგიური გათხრები კვლავ გრძელდება და ყოველი ახალი აღმოჩენა რეგიონის მრავალათასწლიანი ისტორიის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა. ისტორიისა და კულტურული მარშრუტების მოყვარულთათვის თურქეთის უძველესი ქალაქები მუდმივად ახალ აღმოჩენებსა და მოგზაურობის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.