GE
AktualMed.ge

თურქეთში „თაშ თეფელერის“ არქეოლოგიურ პროექტს ხუთი წელი შეუსრულდა

Maraqlı - 28 noy 2025
თურქეთში „თაშ თეფელერის“ არქეოლოგიურ პროექტს ხუთი წელი შეუსრულდა

„თაშ თეფელერის“ პროექტი, რომელიც  შანლიურფაში ნეოლითის ხანის 12 გათხრით ადგილს მოიცავს, მეხუთე წლისთავს აღნიშნავს და   წარმოგვიდგენს 30   ახლახან აღმოჩენილ არტეფაქტს, რომლებიც 12 000 წლის წინანდელ ცხოვრებაზე გვიყვება.

ქარაჰანთეფეს ვიზიტორთა ცენტრში წლევანდელ საიუბილეო ღონისძიებაზე წარმოდგენილ ყველაზე შთამბეჭდავ აღმოჩენებს შორისაა საიბურჩიდან ნაპოვნი ადამიანის ქანდაკება, რომელზეც გარდაცვლილი პირია გამოსახული  შეკერილი პირით — ეს ქმნის წარმოდგენებს ძველად არსებული სიკვდილის რიტუალების შესახებ.    გობექლითეფედან, რომელიც ამ რეგიონის ცენტრშია და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, არქეოლოგებმა წარმოადგინეს კედელში ჩასმული ადამიანის ფიგურა,   რომელიც ნეოლითური პერიოდის მოქანდაკეებს წარმოაჩენს.

რეგიონი, რომელიც ისტორიულ წარსულზე გვიცვლის  წარმოდგენებს

„ეს დასახლებები მსოფლიო ისტორიაში ახალ ჰორიზონტებს ხსნის“, - განაცხადა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, მეჰმეთ ნური ერსოიმ აღნიშნულ  იუბილეზე. მტკიცებულებების თანახმად, 12 ათასი წლის წინ ანატოლიაში უამრავი  კომპაქტური დასახლება  არსებობდა, რაც სოციალურ კომპლექსურობას იმ დონეზე ადასტურებს, რომ ეს ისტორიკოსებს   არც კი წარმოედგინათ.      მეჰმედ ნური ერსოის თქმით, „ თაშ თეფელერი“ "მსოფლიოს ნეოლითური დედაქალაქი“ უნდა გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ გობექლითეპე აღმოჩენის დღიდან ყურადღების ცენტრშია,  ქარაჰანთეფეც  არანაკლებ საინტერესო სამეცნიერო თავსატეხებს წარმოგვიდგენს. ათ სხვა ძეგლთან ერთად  უძველესი დასახლებები - საიბურჩი, სეფერთეპე, ჰარბეცუვანი, ჩაკმაქთეფე, იენიმაჰალე, სოგუთ თარლასი, მენდიქთეფე, იოღუნბურჩი, გიურჯიუთეპე და ახლად დამატებული აიანლარ ჰოიუქი  ფაქტობრივად,   ქმნიან ადამიანური მიღწევების თანავარსკვლავედს, რომელიც მოითხოვს ნეოლითის ეპოქის, კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი პერიოდის ხელახლა „გადახედვას“.

 

ძალისხმევა წარსულის შესანარჩუნებლად

„თაშ თეფელერის“ პროექტი უბრალო გათხრებს სცდება. ის წარმოადგენს მასშტაბურ საერთაშორისო თანამშრომლობას, რომელიც აერთიანებს 36 აკადემიურ დაწესებულებას - 15 თურქულ და 21 საერთაშორისოს, ასევე  219 მკვლევარს, რომლებიც ერთდროულად მუშაობენ 12-ვე ძეგლზე.

აღსანიშნავია, რომ კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს „მომავლის მემკვიდრეობის პროექტის“ ფარგლებში  აღდგენითი სამუშაოები  უკვე დასრულდა,   ხოლო ქარაჰანთეფეს კონსტრუქცია AD და საიბურჩში მდებარე საცხოვრებელი შენობა ამჟამად არქიტექტურულ რესტავრაციას გადის. აგრეთვე, დასრულების პროცესშია გობექლიტეფეში    ვიზიტორთა ახალი  ცენტრი და ქარაჰანთეფეში   კვლევითი ცენტრი.