GE
AktualMed.ge

კონია - ულამაზესი მღვიმეებით გამორჩეული ქალაქი

Maraqlı - 23 may 2025
კონია - ულამაზესი მღვიმეებით გამორჩეული ქალაქი

თურქეთი რომ გამორჩეული ქვეყანაა მრავალი ღირსშესანიშნაობებითა და საინტერესო ადგილით, ამაზე არავინ დაობს. დღეს გესაუბრებით ულამაზეს ქალაქ კონიაზე და მის გამოქვაბულებზე, რომლებსაც მრავალი ტურისტი სტუმრობს ყოველწლიურად. იგი ერთ დროს  ანატოლიაში შექმნილი პირველი თურქული სახელმწიფოს, სელჩუკთა იმპერიის  დედაქალაქიც იყო. ქალაქი ბოლო პერიოდში უფრო განვითარდა კულტურული ტურიზმის მიმართულებით და იგი ვიზიტორების ყურადღებას, როგორც ზემოთ აღინიშნა, თავისი ბრწყინვალე გამოქვაბულებით იპყრობს.

ვინც ოდესმე მაინც ყოფილა გამოქვაბულში, ალბათ დაგვეთანმება, რომ ამ დროს ადამიანი საოცარი და იდუმალებით აღსავსე გრძნობებით ივსება. აღსანიშნავია კონიას სეიდიშეჰირის რაიონში მდებარე  თინაზთეფეს მღვიმე, რომელიც ფრანგმა მეცნიერმა 1968 წელს აღმოაჩინა. თინაზთეფეს  სიგრძე 22 კილომეტრს შეადგენს  და მას ამის გამო  უწოდებენ "ბუნების სასწაულს".  სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით სავსე გამოქვაბულის ფართობი 1580 მეტრია, სიმაღლე კი იატაკსა და ჭერს შორის ზოგან 65 მეტრსაც  აღწევს. გამოქვაბული გიდენგელმეზის მთების ძირში მდებარეობს და იგი ითვლება თურქეთის ყველაზე გრძელ მღვიმედ, ევროპაში კი სიგრძით მე-3 ადგილს იკავებს. ვარაუდობენ, რომ მღვიმე 230 მილიონი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, რაც მის განსაკუთრებულობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

მღვიმის  კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბაირამ ჩელმელი ამბობს, რომ იგი ვიზიტორებისთვის 2004 წელს გახსნეს.

„ჩვენი გამოქვაბულის ფიქსირებული სიგრძეა 22 კილომეტრი, მაგრამ ის ნაწილი, რომლის მონახულებაც შესაძლებელია, შეადგენს 1580 მეტრს. მღვიმე აღმოაჩინა ფრანგმა მეცნიერმა   მაიკლ ბაკალოვიჩმა 1968 წელს. თინაზთეფე სხვა გამოქვაბულებისგან გამორჩეული იმით არის, რომ მის შიგნით არის  ჩანჩქერი და ტბა. ეს კი გზას უხსნის სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების წარმოქმნას. გამოქვაბულის ასკას რაც შეეხება, ვივარაუდეთ, რომ იგი 230 მილიონი წლისაა, რადგან სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების თითოეული სანტიმეტრის წარმოქმნას მინიმუმ 100 წელი სჭირდება, სწორედ ამ გზთ შეგვიძლია შევაფასოთ მისი ასაკი“, - განაცხადა ბაირამ ჩელმელმა.

 

ჩამლიქის მღვიმეები

ჩამლიქში  თქვენ უკვე შეძლებთ ნახოთ მრავალი გამოქვაბული, რომლებიც საოცრად ლამაზები არიან. აქ გარკვეული პერიოდი მიმდინარეობდა  განათებისა და სხვადასხვა აღჭურვილობის სამუშაოები. საბოლოოდ, მოგვარდა ტექნიკური საკითხები და ტურისტებისთვის  სრულად გახდა შესაძლებელი მათი დათვალიერება. 

ბეიშეჰირის კულტურისა და ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა მუსტაფა ბუიუქაფალიმ განაცხადა, რომ ჩამლიქის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 20 სხვადასხვა ზომის გამოქვაბულია. მან აღნიშნა, რომ ბალათინი არის ყველაზე დიდი ამ მღვიმეებიდან.  

"მღვიმის თავისებურება ისაა, რომ 1 კილომეტრის შემდეგ თქვენ შეხვდებით წარმოუდგენლად ლამაზ სტალაქტიტებსა და სტალაგმიტებს. გარდა ამისა, იგი  სავსეა წყლით, რაც მას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის".

რაც შეეხება სულუინის მღვიმეს, იგი მდებარეობს იმავე რეგიონში, ჩამლიქის სამხრეთ-დასავლეთით 500 მეტრში.

გამოქვაბულში, რომლის სიგრძე დაახლოებით 25 მეტრია, მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ნავით. აღსანიშნავია, რომ გამოქვაბულში გიგანტურ ქვებს  შორის ჩანჩქერები ქმნის დიდ ტბას, სადაც ასევე ნავით არის შესაძლებელი გასეირნება.