GE
AktualMed.ge

მუღლა - თურქეთის ზღვისპირა სამოთხე, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

Maraqlı - 27 iyl 2026
მუღლა - თურქეთის ზღვისპირა სამოთხე, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

მუღლა თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული კურორტიამ რომელსაც ქვეყნის ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი აქვს. იგი ერთდროულად ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროებს მოიცავს, რაც მრავალფეროვან დასვენებას სთავაზობს მოგზაურებს. კრისტალურად სუფთა ზღვა, ფირუზისფერი ყურეები, ფიჭვნარებით დაფარული მთები და ისტორიული ძეგლები მუღლას ყოველწლიურად მილიონობით ტურისტის საყვარელ მიმართულებად აქცევს.

მუღლას პროვინციაში შედის თურქეთის არაერთი ცნობილი კურორტი -  ბოდრუმი, ფეთჰიე, მარმარისი, ოლუდენიზი, გოჩეკი და დატჩა. თითოეულ მათგანს თავისი ხიბლი აქვს - ბოდრუმი ცნობილია მდიდარი ისტორიითა და აქტიური ღამის ცხოვრებით, ოლუდენიზი მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ლურჯი ლაგუნითა და პარაგლაიდინგით, მარმარისი კი ფიჭვნარებით გარშემორტყმული სანაპიროებითა და იახტების მარინებით გამოირჩევა.

უნდა აღვნიშნოთ ბოდრუმიც, სადაც მდებარეობდა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი  -ჰალიკარნასის მავზოლეუმი. ქალაქის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა ანტიკური ამფითეატრი, რომელიც ძვ. წ. IV საუკუნეში აშენდა და საიდანაც მთელი ბოდრუმისა და ეგეოსის ზღვის შთამბეჭდავი ხედები იშლება. ასევე საინტერესოა წმინდა პეტრეს ციხესიმაგრე, სადაც დღეს წყალქვეშა არქეოლოგიის მუზეუმი ფუნქციონირებს.
მუღლა მხოლოდ ისტორიული ძეგლებით არ გამოირჩევა. აქ უამრავი ულამაზესი სანაპირო, ფარული ყურე და ბუნებრივი ლაგუნაა, რაც რეგიონს წყლის სპორტის მოყვარულებისთვისაც მიმზიდველს ხდის. დაივინგი, იახტინგი, სერფინგი და პარაგლაიდინგი აქ ყველაზე პოპულარულ აქტივობებს შორისაა. ადგილობრივი სამზარეულოც განსაკუთრებულია - ზღვის პროდუქტები, ზეითუნის ზეთით მომზადებული ეგეოსური კერძები და ახალი ბოსტნეული მუღლაში დასვენების განუყოფელი ნაწილია.
ამ კურორტზე სეზონი ბევრად ხანგრძლივია, ვიდრე თურქეთის ბევრ სხვა დასასვენებელ რეგიონში. აქ სასიამოვნოდ თბილი ამინდები მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება, ამიტომ ზღვით ტკბობა პიკური სეზონის გარეშეც შეგიძლიათ. თუ მშვიდი გარემო, სუფთა ზღვა, შთამბეჭდავი ბუნება და ისტორიული ადგილები ერთდროულად გიზიდავთ, მუღლა სწორედ ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.