GE
AktualMed.ge

სტამბოლის კატები - ქალაქის ყველაზე საყვარელი ბინადრები

Maraqlı - 6 avq 2026
სტამბოლის კატები - ქალაქის ყველაზე საყვარელი ბინადრები

სტამბოლზე საუბრისას ადამიანების უმეტესობას ბოსფორის სრუტე, აია სოფია, ქალწულის კოშკი, წითელი ტრამვაი თუ გალათას კოშკი ახსენდება. ბევრისთვის სტამბოლთან ასოცირდება ბორანზე სეირნობა და თოლიების გამოკვება სიმითით.  თუმცა ქალაქის განსაკუთრებულ სიმბოლოდ   მაინც მისი ქუჩის კატები ითვლებიან.

რატომ უყვარს მსოფლიოს სტამბოლის კატები?

მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელებში ჰეშთეგებით #CatsOfIstanbul და #IstanbulCats ათასობით ფოტო და ვიდეო ვრცელდება, სადაც ქალაქის ცნობილი კატები ჩანან.ასევე, სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ვიდეოები, სადაც სტამბოლის კატები სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიების „მთავარ გმირებად“ არიან წარმოდგენილნი. ერთ-ერთ ვიდეოში კატა თურქეთში Formula 1-ის საჩვენებელი გარბენის დაწყებამდე ტრასაზე მშვიდად გადადის, ხოლო მეორე შემთხვევაში უეფას ფინალის დაწყებამდე ფეხბურთის მოედანზე გამოჩენილი კატა მაყურებლისა და კამერების ყურადღებას იპყრობს.

სტამბოლი - ქალაქი, რომელსაც „კატები მართავენ“

8 აგვისტოს მსოფლიოში კატების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თუმცა, ადამიანსა  და კატას  შორის განსაკუთრებული კავშირი მსოფლიოს არცერთ ქალაქში ისე გამორჩეულად არ იგრძნობა, როგორც სტამბოლში.

დღეს სოციალური ქსელები მოგზაურობის დაგეგმვაზე  დიდ გავლენას ახდენს. მოგზაურები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ ადგილებს, სადაც ავთენტური და განსხვავებული გამოცდილების მიღება შეეძლებათ. ბოლო კვლევის მიხედვით, Z თაობის მოგზაურთა 59% მოგზაურობის იდეებს Instagram-იდან , 54% - YouTube-იდან, ხოლო 47% - TikTok-იდან იღებს. სწორედ ამიტომ, სტამბოლის ქუჩის კატები სოციალურ ქსელებში გავრცელებული უამრავი ფოტოსა და ვიდეოს დამსახურებით მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩებიან.     

 კატები სტამბოლში   მხოლოდ საყვარელი ცხოველები არ არიან - ისინი ქალაქის „მაცხოვრებლებს“, მეზობლებს და მისი იდენტობის მნიშვნელოვან  ნაწილს წარმოადგენენ.  სწორედ ამ განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო სტამბოლს ხშირად უწოდებენ  „ქალაქს, რომელსაც კატები მართავენ“.  

სად შეხვდებით სტამბოლის ცნობილ კატებს?

კატები თავისუფლად დადიან სულთანაჰმედის მოედანზე, თოფქაფის სასახლის ბაღებში და სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმებში. მათ ხშირად შეხვდებით აია სოფიასა და ლურჯ მეჩეთშიც, სადაც კატებს საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული მზრუნველობით ეპყრობოდნენ. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ რომელიმე მათგანს მეჩეთის შიგნით მშვიდად მძინარეს ან მოსეირნეს დაინახავთ.

კატები ასევე ხშირად არიან სანელებლების ბაზართან, ემინონუს მოედანზე, ფენერისა და ბალათის ქუჩებში. მათ შეხვდებით ბეიოღლუში, გალათაში, ჯიჰანგირში, ბეშიქთაშისა და ქადიქოის ბაზრებში, ასევე, ორთაქოის სანაპიროს კაფეებში, მოდას მშვიდ ქუჩებსა და ქუზგუნჯუქის ულამაზეს უბანში.

სტამბოლის განსაკუთრებული კავშირი კატებთან მუზეუმებშიც აქტიურად ჩანს. გალათაში მდებარე კატების მუზეუმში ( Cat Museum Istanbul)  წარმოდგენილია კატების თემაზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშები და გამოფენები, რომლებიც ქალაქში მათ მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და ადგილს ასახავს. მუზეუმი ასევე მხარს უჭერს მიუსაფარი ცხოველების მოვლასა და დაცვას.

შესაძლოა, მაღაზიის ვიტრინიდან ცნობისმოყვარე კატა გიყურებდეთ, ან ადგილობრივ კაფეში სადილის დროს მეგობრულად მოგიახლოვდეთ და საჭმლის პატარა ლუკმა „გთხოვოთ“. ასეთი შემთხვევითი შეხვედრები სტამბოლში ყოველდღიურობის ნაწილია და ხშირად ტურისტებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელ მოგონებად იქცევა. ეს ასახავს მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, რა დროსაც  კატებს არა მხოლოდ უვლიან, არამედ საზოგადოების სრულფასოვან წევრებადაც მიიჩნევენ.

საგულისხმოა, რომ კატებს შეხვდებით თურქეთის სხვა ცნობილ ადგილებშიც - ეფესოს უძველეს ქალაქში, ასპენდოსის დიდ ანტიკურ თეატრთან, ზღვისპირა ქალაქებსა და ქვეყნის მრავალ ისტორიულ ღირსშესანიშნაობასთან.