გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი სტამბოლი საკმაოდ მრავალფეროვანი ქუჩის კვების კულტურით გამოირჩევა. სტამბოლი თავის სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ კულინარიულ მოგზაურობას თავისი გურმანი ქუჩის საკვებით. როგორც ცნობილია, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნებიდან დაწყებული რეგიონალური კერძებით დამთავრებული, თურქული სამზარეულო საერთაშორისო მასშტაბით არის აღიარებული და განსაკუთრებული ადგილი აქვს დამკვიდრებული კულინარიაში.
საუზმიდან ვახშამამდე...
ცალკე აღნიშნის ღირსია თურქული საუზმე, რომელიც საკმაოდ ნოყიერია. ბევრ კაფეში, რესტორანსა და სასტუმროში საუზმეზე მოგართმევენ ტრადიციულ ნაკრებს: შემწვარი ან მოხარშული კვერცხი, ყველი, კარაქი, თაფლი, მურაბა, რამდენიმე სახეობის ზეთისხილი, ძეხვეული. საუზმის მთავარი და განუყოფელი ნაწილი კი არის ყველასთვის ცნობილი სიმითი. მისი დაგემოვნება ქუჩაში სპეციალურ ჯიხურებსა თუ ნებისმიერი ტიპის კვებით დაწესებულებებში შეგიძლიათ.
კოკორეცი
სტამბოლელებს განსაკუთრებით უყვართ თურქული კერძი – კოკორეცი, რომელიც ჩვეულებრივ, სტამბოლის ქუჩებსა და მაღაზიებში იყიდება. ეს არის ცხვრის ნაწლავებისგან დამზადებული და ღია ცეცხლზე შემწვარი სენდვიჩი. ზოგიერთ რესტორანში აღნიშნული კერძის ცხარე ვერსიასაც გვთავაზობენ, რომელიც საოცრად გემრიელია. აქედან გამომდინარე, სტამბოლი ამ კერძის გასინჯვის გარეშე, უბრალოდ არ უნდა დატოვოთ!
დონერ-ქაბაბი
მსოფლიოში დღეს ყველაზე პოპულარულ ქუჩის კერძებს შორისაა დონერ-ქაბაბი, რომელიც ძირითადად თხელი პურისგან, სტეიკისგან, პომიდვრისგან, ხახვისგან და მწვანილისგან შედგება. იგი მზადდება ცხვრის, ძროხის ან ქათმის ხორცისგან. მას რესტორნებში ხშირად მიირთმევენ ბრინჯთან ერთადაც. დონერ-ქაბაბის ასე დაგემოვნება შეგიძლიათ სულთანაჰმედის, ემინონუს, ბეშიქთაშისა და უსკუდარის კულტურულ რაიონებში.
მიდიები
ჩაყრილი მიდიები უგემრიელესი და პოპულარული საჭმელია თურქეთის ყველა სანაპირო ქალაქში და მთელ სტამბოლში. მიდიის ნაჭუჭები ივსება ბრინჯით, ქიშმიშით, მარილითა და სანელებლებით, რაზეც ლიმონს აწურავენ ზედ და ისე მიირთმევენ.
ბალიქ - ექმექი
„ბალიქი“ ითარგმნება როგორც „თევზი“, ხოლო „ექმექი“, როგორც პური. თევზი და პური არის სტამბოლის ერთ-ერთი ტრადიციული კერძი, რომელიც შემწვარი კერძისგან, ხახვისგან და სხვა ბოსტნეულებისგან შედგება. იგი ქალაქში ხელმისაწვდომია თითქმის ყველგან, თუმცა აღნიშნული დელიკატესი უფრო სასიამოვნოდ ზღვასთან მიირთმევა.
კუმპირი
სტამბოლის ფასთფუდებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძია კუმპირი, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილი კარტოფილია. დიდ კარტოფილს ამზადებენ ნახშირზე და შიგნით ათავსებენ კარაქს, ზეთისხილის მწნილებს, ყველს და ასევე შესაძლოა დაამატონ ის, რაც კლიენტს სურს იმ მომენტში. მიუხედავად იმისა, რომ კუმპირის მირთმევა სტამბოლში თითქმის ყველგანაა შესაძლებელი, მის საჭმელად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი მაინც ორთაქოია.