GE
AktualMed.ge

სულთან აჰმედის მეჩეთი - სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობა

Maraqlı - 16 mar 2026
სულთან აჰმედის მეჩეთი - სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობა

თურქეთის ქალაქი სტამბოლი სილამაზის, ისტორიის და მეგობრული ხალხის ქალაქია, სადაც შემოდგომის პერიოდშიც კი დაუვიწყარი დასვენება და განტვირთვა გელოდებათ.
ამ ქალაქში მოგზაურობა არ იქნება სრულყოფილი, თუ მეჩეთებს არ ეწვევით. ყველაზე დიდი სულთან აჰმედის მეჩეთია, ე.წ. “ლურჯი მეჩეთი” (თურქ. Sultanahmet Camii). ეს არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც ისლამური არქიტექტურის განუმეორებელი ქმნილება. მეჩეთს ლურჯი დაერქვა მისი ინტერიერის ლურჯი ფილების გამო.
იგი შენდებოდა 1609-1616 წლებში სულთანი აჰმედ I-ის ბრძანებით, რომლის სახელსაც ის ამჟამად ატარებს. მეჩეთის განსაკუთრებულობას ისიც უსვამს ხაზს, რომ სულთანი დაკრძალულია ამ შენობის აკლდამაში. იგი სტამბოლის უძველეს რაიონში მდებარეობს, რაც 1453 წლამდე კონსტანტინოპოლის, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის ცენტრს წარმოადგენდა. მის გვერდით მდებარეობს უძველესი იპოდრომი, ხოლო მოშორებით აია სოფია, ყოფილი ქრისტიანული ტაძარი, რომელიც ამჟამად მეჩეთად არის გადაკეთებული.
მეჩეთის მდებარეობა აია სოფიას პირდაპირ წინასწარ განზრახული იყო, იმის დემონსტრაციისთვის, რომ ოსმალურ და ისლამურ არქიტექტორებს და მშენებლებს შეეძლოთ მათი ქრისტიანი წინამორბედების ქმნილებებთან პაექრობა. თუმცა არქიტექტორმა ვერ მოახერხა აია სოფიაზე უფრო დიდი გუმბათის შექმნა, ნაცვლად მან მეჩეთს დიდებული იერი მისი მინარეთების, ნახევარგუმბათებისა და გუმბათების უზადო პროპორციებით შესძინა. მიუხედავად ამისა, ნაგებობამ აია სოფიას ზომაში ვერ გაუსწრო, რამაც დიდად განარისხა სულთან აჰმედი. შედეგად, ეს ორი ნაგებობა უნიკალურ ისტორიულ და არქიტექტურულ ჩარჩოს ქმნის.
სულთან აჰმედ I–ის ბრძანებით მეჩეთი იზნიქში წარმოებული 210 000 ფილით იქნა შემკული. ეს უზარმაზარი წარმოება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სულთანმა მეჩეთის მშენებლობის დასრულებამდე იზნიქის სახელოსნოებს სპეციალური დეკრეტით სხვა შეკვეთების მიღება აუკრძალა. შთამბეჭდავია უპირველეს ყოვლისა თავად ფილების დეკორი, ყვავილოვანი ორნამენტების წალკოტი – მოყვავილე ვარდებით, ტიტებით, მიხაკებით. ფერთა გამაში უმეტესწილად ნათელი მწვანე და ლურჯი ტონები ჭარბობს. გასაკვირი არცაა, რომ სულთან აჰმედის მეჩეთი ევროპაში სწორედ ცისფერი მეჩეთის სახელითაა ცნობილი. სარკმელების უმეტესობა სწორედ საუცხოო ლურჯ ტონებში ბზინავს. მისი ზემო ნაწილები უმეტესად ნაზი ვარდისფერითაა გაფორმებული.
სულთან აჰმედის არქიტექტორს, სედეფჰარ მეჰმეტ აღას, ნაბრძანები ჰქონდა, არ დაეზოგათ სახსრები და შეექმნათ ყველაზე დიადი და მშვენიერი ისლამური სალოცავი მსოფლიოში. მეჩეთის ძირითადი ნაგებობა თითქმის კუბის ფორმისაა (53x51 მ). ისევე როგორც ყველა მეჩეთი, ისიც განლაგებულია იმგვარად, რომ როცა მლოცველები სალას (ისლამურ ლოცვას) ასრულებენ, მათ პირი მექასკენ აქვთ მიპყრობილი.
სტამბოლის 7 მაღლობიდან მეორეზე აგებული სულთან აჰმედის მეჩეთი, რომელიც მარმარილოს ზღვიდან სტამბოლისკენ მიმავალ გემებს ესალმება და თურქულ-ისლამური ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუშია, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ტურისტების ყურადღების ცენტრში ყოფნას აგრძელებს.
თუ გადაწყვეტთ წასვლას, ეცადეთ პარასკევ დღეს არ დაამთხვიოთ, რადგანაც ამ დროს ტაძრებში თითქმის ყველა მუსლიმი მამაკაცი იკრიბება. ქალებმა მეჩეთებში თავსაბურავი უნდა ატარონ და მუხლები და მხრები დაიფარონ. მეჩეთებში შესვლა უფასოა.