GE
AktualMed.ge

ქალები ძალაუფლების ცენტრში - დნმ-ის კვლევამ ადრეულ ცივილიზაციაზე წარმოდგენები შეცვალა

Maraqlı - 14 iyl 2025
ქალები ძალაუფლების ცენტრში - დნმ-ის კვლევამ  ადრეულ ცივილიზაციაზე წარმოდგენები შეცვალა

ჩათალჰოიუკში (ძველი ნეოლითური დასახლება თურქეთში) ჩატარებულმა დნმ-ის კვლევამ აჩვენა, რომ იქ ქალებს ოჯახსა და საზოგადოებაში   ჰქონდათ ცენტრალური როლი.  იგი ამსხვრევს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ადრეული  საზოგადოებები ძირითადად მამაკაცებზე იყო დამყარებული. ეს  ფაქტი აქტიურად  მიუთითებს ქალების ცენტრალურ როლზე   ადრეულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებში.  კვლევამ ისიც  აჩვენა, თუ როგორ იცვლებოდა საუკუნეების მანძილზე სოციალური ნორმები.  


ჩათალჰოიუქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში და მდებარეობს თანამედროვე კონიას პროვინციაში. ის ასევე ცნობილია   იატაკქვეშა დაკრძალვებით, ანუ  ადრე აქ ადამიანებს საკუთარ სახლებში მარხავდნენ.  ჟურნალ Science-ში ახლახან გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ კვლევაში  მონაწილეობდა თურქეთიდან   10 და სხვა ქვეყნიდან 47 გენეტიკოსი, არქეოლოგი და ანთროპოლოგი.  მკვლევრებმა გააანალიზეს 395 ადამიანის ნაშთი, რომლებიც ჩათალჰოიუკში ცხოვრობდნენ ძვ.წ. 8000–5800 წლებში. მათ  წარმატებით გაშიფრეს 131 ადამიანის დნმ, რომლებიც 35 სხვადასხვა სახლში იყვნენ დაკრძალულნი.
გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ჩათალჰოიუკის მოსახლეობაში დედის ხაზით ნათესაობა უფრო მნიშვნელოვან კავშირს ქმნიდა, ვიდრე მამის ხაზით. ქალები წარმოადგენდნენ საკუთარი სახლის  „ღერძს“, ხოლო მამაკაცები, სავარაუდოდ, სხვა ადგილებში გადადიოდნენ საცხოვრებლად. 


ჩათალჰოიუქი — ურბანული დასახლებების ნეოლითური ადგილი
აღსანიშნავია, რომ დღეს ჩათალჰოიუქი მიჩნეულია ადგილად, სადაც გარშემო არსებული სოფლები გაერთიანდნენ  ერთ ცენტრად, შედეგად კი იგი იქცა ურბანული ცივილიზაციის დასაწყისად.  ჩათალჰოიუქი საშუალებას გვაძლევს, გადავეშვათ 9000 წლის წინანდელ საზოგადოებაში.   იგი  გამორჩეულია თავისი ზომით, დასახლების ხანგრძლივობით, გეგმარებითა და  მწკრივ-მწკრივად  აშენებული სახლებით, ასევე    კედლის საინტერესო  მხატვრობითა და რელიეფებით. ეს აღმოჩენები მიუთითებს დახვეწილ ურბანულ დაგეგმარებაზე, მდგრად ცხოვრებაზე, სოციალურ ორგანიზაციასა და კულტურულ პრაქტიკებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ  აქ აღმოაჩინეს ქალის მრავალი ფიგურა, რაც ხაზს უსვამს   დედის კულტისა და მატრიარქალური საზოგადოების როლს უძველეს დროში.  


გარდა ამისა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით,  თურქეთმა 2023 წელს ჩათალჰოიუქში უახლესი ინფორმაციისა და ვიზიტორთა ცენტრი გახსნა. ეს ცენტრი    გთავაზობთ  აქ არსებულ  ინტერაქტიულ  ექსპონატებსა და მიმზიდველ  მულტიმედიურ  ინსტალაციებს.


 „მომავლის მემკვიდრეობა“ პროექტის ფარგლებში, თურქეთი ისევ აგრძელებს გათხრებსა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას   უძველეს ადგილებში.  აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ 2024 წელი „არქეოლოგიის ოქროს ხანად“ გამოაცხადა და  მის მიერ ჩატარებული  სამუშაოების რაოდენობა 765-მდე გაზარდა. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი 2026 წლისთვის 800-ს მიუახლოვდება.
https://muze.gov.tr/muze-detay?sectionId=KCO01&distId=MRK  - ჩათალჰოიუქის არქეოლოგიური საიტი