დენიზლი მსოფლიოში ცნობილია ფამუქქალეს უნიკალური ტრავერტინებით. „Cittaslow“-ს ქსელს სწორედ დენიზლის ერთ-ერთი სოფელი ჩამელი შეუერთდა. ამით „Cittaslow“-ქალაქების რაოდენობა თურქეთში ახლა უკვე 27 გახდა.
სოფელ ჩამელის ეს სტატუსი სამხრეთ კორეაში, ვანდოს კუნძულზე გამართულ „Cittaslow“-ის ეროვნული ასამბლეის ფარგლებში მიანიჭეს. ჩამელის ქსელში გაწევრიანება მისი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებისა და მდგრადი ცხოვრებისადმი ერთგულების კიდევ ერთი დასტურია.
ჩამელი: ბუნება, თავგადასავალი და კულტურა
დენიზლის ცენტრიდან დაახლოებით 110 კილომეტრში, სამხრეთით მდებარე სოფელი ჩამელი გამოირჩევა ხელუხლებელი ბუნებითა და საუკუნოვანი ტრადიციებით. მწვანე მთის კალთები, სუფთა ჰაერი და ძველი დასახლებები ქმნის სიტუაციას, თითქოს ტურისტები უძველეს დროში მოგზაურობენ. სოფელი გარშემორტყმულია მწვანე ტყეებით, სადაც ამაყად დგას ფიჭვი, იფანტება მუხის ფოთლები და მათთან ერთად მრავალფეროვანი ფაუნა სახლობს. მოგზაურებს აქ შეუძლიათ ნახონ მთის მდელოები, ჩანჩქერები და სუფთა, კამკამა ტბები. უნდა ითქვას, რომ ზამთარში თოვლიანი მთები ნამდვილი ზამთრის ზღაპარს ჰგავს.
ჩამელის ბუნება მრავალი თავგადასავლის შესაძლებლობას იძლევა. მაგალიტად, ლაშქრობა, ველოსიპედით სეირნობა, მთებში და მდინარეებთან ბილიკებში სიარული. ფოტოგრაფებისთვის კი ეს იდეალური ადგილია ბუნების ამ სიდიადის აღსაბეჭდად.
ჩამელი ტურისტებს ტრადიციული თურქული ცხოვრების ნამდვილი სურათის ნახვის შესაძლებლობასაც აძლევს. აქ ადგილობრივები კვლავ ორგანულად ამუშავებენ მიწას, ძველებური რეცეპტებით ამზადებენ კერძებს, თავად ქსოვენ ქსოვილებს, ქმნიან ხის ნაკეთობებს და სტუმრებს უდიდესი სითბოთი ხვდებიან. ვიზიტორებს შეუძლიათ იმოგზაურონ ქვის სახლებით სავსე მყუდრო ქუჩებში, შეიძინონ ხელნაკეთი ნივთები და ადგილობრივი პროდუქცია, ასევე დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები, მათ შორის – ჩამელის ლობიო და ახალი კალმახი.
დენიზლი: უძველესი ქალაქებიდან ვენახებამდე
დენიზლი, რომელიც ეგეოსის, ცენტრალურ ანატოლიისა და ხმელთაშუაზღვის გზის გზაჯვარედინზე მდებარეობს, საუკუნეების მანძილზე ბევრ ცივილიზაციას მასპინძლობდა: ხეთებს, ფრიგიელებს, ლიდიელებს, რომაელებსა და ბიზანტიელებს. სწორედ აქ მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი – ჰიერაპოლისი, რომელიც ცნობილია ტრავერტინებით, ასევე – კოლოსე, ტრიპოლისი, ლაოდიკეა, ჰერაკლეა და ატუდა. ბოლო წლებში ქალაქი ვენახებითაც გახდა ცნობილი. დენიზლი ცნობილია „Çal Vineyard Route“-ით და ადგილობრივი „Çal Karası“-ს ჯიშის ყურძნით. ეს ჯიში, რომელიც თურქეთის მეღვინეობის დაახლოებით 19%-ს შეადგენს და გამოირჩევა დაბალი ტანინით, ნაზი გემოთი და საოცარი არომატით, რის გამოც ღვინის მოყვარულებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
Cittaslow-ის შესახებ
„ნელი ქალაქის“/ Cittaslow-ის ორგანიზაცია 1999 წელს იტალიაში შეიქმნა. იმისათვის, რომ ნებისმიერმა ქალაქმა მისი წევრობა დაიმსახუროს, მან 70 სხვადასხვა კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. Cittaslow-ის ქსელის წევრ ქალაქებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აფასებენ, რა დროსაც ასოციაციის მხრიდან ხდება გარემოს, ინფრასტრუქტურის, ურბანული ცხოვრებისა და ტურიზმის პოლიტიკის გათვალისწინება, ასევე იმასაც აქცევენ ყურადღებას, თუ როგორია ქალაქი ხელოვნების სფეროს, სოციალური ინტეგრაციისა, სტუმართმოყვარეობის კუთხით და რამდენად აქვს მას შენარჩუნებული თავდაპირველი არქიტექტურა, წეს-ჩვეულებები, ადგილობრივი სამზარეულოს კულტურა და ისტორიული იდენტობა.აღსანიშნავია, რომ 2009 წელს „ნელ ქალაქად“ პირველად აღიარეს სეფერიჰისარი, რომელსაც მოჰყვა ფინიკე, აჰლათი, აკიაკა, ეგირდირი, გოქჩეადა, ჰალფეთი, იზნიქი, ქემალიე, შავშათი და სხვ.