თურქეთის ოფიციალურმა ტურისტულმა პლატფორმამ, GoTürkiye-მ თავის YouTube არხზე მესამე მინი-სერიალი, “Hidden Lover” გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარ როლებს მსახიობები, ედა ეჯე და ჯანერ ჯინდორუქი ასრულებენ. ეს რომანტიკულ-კომედიური სერიალი, რომელიც ანტალიის ფონზე ვითარდება, ხმელთაშუა ზღვის ქალაქების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
მურათ ოზთურქის მიერ გადაღებული 10 ეპიზოდიანი სერიალი ანტალიის ნაკლებად ცნობილ ბუნებრივ, ისტორიულ და კულტურულ სილამაზეს ახალი პერსპექტივიდან წარმოაჩენს. სიუჟეტი იწყება ასე - გიუნეში არქიტექტორია და ძალიან უნდა, რომ თავისი პროექტი ბიზნესმენ ომერს წარუდგინოს. ამიტომ ის ცდილობს მას შეხვდეს. გზაში შემთხვევით ხვდება დენისს. გიუნეშს კი ჰგონია, რომ დენისი ომერის მძღოლია, ამის შემდეგ ის დენისს სთხოვს, რომ შეხვედრა მოუწყოს ომერთან. ამისათვის გიუნეში დენისს მთელ ანტალიას ათვალიერებინებს — ლამაზ ადგილებს სანაპიროებს, უძველეს ადგილებს, ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს და ადგილობრივ გემრიელობებს აცნობს. ამ ერთდღიან მოგზაურობასთან ერთად, გიუნეშსა და დენისს შორის ნელ-ნელა ჩნდება სიმპათია და ეს მათი რომანტიკული თავგადასავლის დასაწყისია.
„Hidden Lover“ მაყურებელს საშუალებას აძლევს ახლოდან გაიცნოს ანტალია — მისი ლურჯი ზღვის სანაპიროები, ბუნებრივი სილამაზე და უძველესი ქალაქები. სერიალი ანტალიის მრავალფეროვნებას და ბუნებრივ სიმდიდრეს უსვამს ხაზს.
აღსანიშნავია, რომ ტურისტულ პლატფორმა GoTürkiye-ს აქამდე 2 სერიალი ჰქონდა გადაღებული - „Antalya Gambit“ და Istanbul My Love.ორივე სერიალს დიდი წარმატება ჰქონდა — თითოეულ ეპიზოდს მსოფლიოს 76 ქვეყანაში მილიონობით ადამიანი უყურებდა.
აღნიშნული სერიალის გამოშვება და პოპულარობა ერთის მხრივ, GoTürkiye-ს პლატფორმის წარმატებამ განაპირობა. YouTube-ზე GoTürkiye-ს არხს უკვე 5.3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რაც მას მსოფლიოს ტურიზმის პლატფორმებს შორის ერთ-ერთ ლიდერად პლატფორმად აქცევს. მხოლოდ 2025 წლის პირველ ნახევარში არხმა 763 მილიონი ნახვა დააგროვა, გამომწერების რაოდენობა 146%-ით გაიზარდა, საერთო ნახვები 55%-ით გაიზარდა.