GE
AktualMed.ge

მოინახულეთ ულამაზესი ფამუქქალე

Faydalı Məlumat - 14 dek 2023
მოინახულეთ ულამაზესი ფამუქქალე

ფამუქქალე არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უჩვეულო ადგილი თურქეთში. იგი თერმული წყლების ბუნებრივი საცავია, რომელიც  ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, დენიზლის პროვინციაში  მდებარეობს. ფამუქქალე  შესულია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

მინერალებისგან შემდგარი ქათქათა ტერასები და კედლები  შორიდან თოვლს გავს, ხოლო ახლოდან ბამბის რბილ ღრუბლებს მოგვაგონებს, მათ შორის კი, მთელს პერიმეტრზე არის ცხელი თერმული წყლებით გავსებული ბუნებრივი აუზები. აქ მოხვედრილ ადამიანს თავი ფილმის დეკორაციებში ან რაიმე არარეალურ სამყაროში ეგონება. იქ შესვლისას პირველი რამოდემინე წუთი რთულია იმის აღქმა, რომ აქაურობა არანაირი კავშირში არ არის სიცივესთან.

იმისათვის რომ ფამუქქალეში მოხვდეთ, ჯერ უნდა მიხვიდეთ პატარა ქალაქ დენიზლიმდე. ფამუქქალე პატარა დაბაა, მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებითა და კვების ობიექტებით. ირგვლივ ყველაფერი ლამაზი და ზღაპრულია, დიასახლისებს ქუჩებში გასახმობად წითელი წიწაკები აქვთ გამოფენილი, ყოველ ნაბიჯზე ფერად-ფერად ხალიჩებს ყიდიან და ჩაის დასალევად გეპატიჟებიან. სასტუმროები აქ საკმაოდ იაფია. სასტუმროებიდანვე იშლება საოცარი ხედი და ჩანს  „ბამბის გორა“, რომელიც ზამთრის კურორტს მოგვაგონებს. 

იმისათვის, რომ თერმული წყლების ტერიტორიაზე შეხვიდეთ, მოგიწევთ ფეხზე გაიხადოთ. ასევე იქ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან მინერალებისგან შემდგარი ნიადაგი შიგადაშიგ ძალიან სრიალებს. შემდეგ იწყებთ ასვლას აუზებისკენ და რაც უფრო შორს მიდიხართ, მით უფრო ლამაზი და დაუჯერებელი ხედები გეშლებათ თვალწინ. აუზებში წყალი თბილია, წყლის ფერი კი ცისფერ საღებავში შერეულ რძეს გავს, ეს ყველაფერი იმიტომ, რომ აუზის ძირი თეთრი თიხით არის დაფარული - სწორედ თიხა აძლევს წყალს ამგვარ შეფერილობას.

აღსანიშნავია, რომ მზის ჩასვლა აქ არის ძალიან ლამაზი - სტაფილოსფერ-ვარდისფერი სხივები თეთრ ფერდობებზე გადმოდის და ყველაფერი ირგვლივ ამ ფერებით იწყებს ბზინვას. ტურისტები აქტიურად აჩხაკუნებენ ფოტოკამერებსა და სმარტფონებს, ცდილობენ, რომ ერთი კადრიც კი არ გაუშვან ხელიდან.  საღამოს კი ემოციებით დატვირთული დღის შემდეგ, შეგიძლიათ ფამუქქალეს პატარა ქუჩებში ისეირნოთ და გემრიალად ივახშმოთ ადგილობრივ მყუდრო რესტორნებში.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს თერმული წყლები არის სამკურნალო და იგი ხელს უწყობს გულის უკმარისობის, რევმატული დაავადებების, თვალისა და კანის დაავადებებისგან განკურნებას.