დღეს მოგზაურებს მხოლოდ ღირსშესანიშნაობების დათვალიერება აღარ სურთ. მათ ისეთი მოგზაურობა აინტერესებთ, სადაც ერთდროულად სხვადასხვა გამოცდილების მიღებაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, სულ უფრო პოპულარული ხდება მრავალფეროვანი აქტივობების გაერთიანება ერთ მოგზაურობაში. ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 44.1%-ს ასეთი ტიპის დასვენება აინტერესებს. ქალები უფრო მეტად ფიტნესით, იოგითა და ველნეს-აქტივობებით ინტერესდებიან, ხოლო მამაკაცებს უფრო მეტად ცოცხალი სპორტული ღონისძიებები და ვარჯიშთან დაკავშირებული აქტივობები იზიდავთ. თურქეთი კი მოგეხსენებათ, მოგზაურებს სპორტისა და აქტიური დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს.
ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული გამოცდილება პარაპლანით ფრენაა, რომელიც თურქეთის ულამაზესი ბუნების დასათვალიერებლად საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, განსაკუთრებით ცნობილია ოლუდენიზი, რომელიც მუღლას პროვინციაში, ფეთჰიესთან, ეგეოსის სანაპიროზე მდებარეობს. აქ ბაბადაღის მთიდან აფრენა და ფირუზისფერ ზღვაზე ფრენა დაუვიწყარი გამოცდილებაა. ამსი გარდა, ფეთჰიე მოგზაურებს სხვა უამრავ საინტერესო აქტივობას სთავაზობს , რომელთა შორისაა ლაშქრობას, წყლის სპორტს, იოგასა და ველნეს-აქტივობები.
პარაპლანით ფრენა - დაუვიწყარი თავგადასავალი ფეთჰიეში
ფეთჰიე, მუღლას პროვინციის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული მიმართულება, რომელიც მნახველებს სუფთა ზღვით, ცნობილი სანაპიროებითა და ულამაზესი ბუნებით იზიდავს. როგორც ზემოთ აღინიშნა, აქ მდებარეობს ბაბადაღის მთაც, რომელიც მსოფლიოში პარაპლანით ფრენის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად ითვლება. ამიტომ ფეთჰიე განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც თავგადასავლები და ადრენალინი უყვარს.
აღსანიშნავია, რომ ბაბადაღი ყოველწლიურად ათასობით ადგილობრივ და უცხოელ ტურისტს მასპინძლობს. მთა ოლუდენიზის სანაპიროდან ავტომობილით დაახლოებით 30 წუთის სავალზეა. ბაბადაღზე სხვადასხვა სიმაღლეზე რამდენიმე საფრენი წერტილია, მათ შორის თითქმის 2 000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ადგილი. ტურისტებს პარაპლანით ფრენა ლიცენზირებულ პილოტთან ერთად შეუძლიათ. ამისთვის მხოლოდ სპეციალური აღჭურვილობის მორგება და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რის შემდეგაც ფრენა იწყება. ის დაახლოებით 30 წუთს გრძელდება. ვისაც მეტი ადრენალინი სურს, პილოტის დახმარებით 360-გრადუსიანი ბრუნისა და სხვა აკრობატული მოძრაობების გამოცდაც შეუძლია. ფრენის შემდეგ კი სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ თეთრქვიშიან სანაპიროზე დაისვენონ და სუფთა, ფირუზისფერ ზღვაში იცურაონ.
პარაპლანით ფრენის გარდა, ფეთჰიე მოგზაურებს უამრავ სხვა აქტივობასაც სთავაზობს - ლაშქრობას, წყლის სპორტს და სხვა თავგადასავლებს. ამიტომ ეს მიმართულება იდეალურია მათთვის, ვისაც დასვენების დროს სხვადასხვა გამოცდილების მიღება სურს. ოლუდენიზის თავზე ფრენის შემდეგ მოგზაურებს თავგადასავლების გაგრძელება ხმელეთსა და ზღვაზეც შეუძლიათ.
რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია პეპლების ველი (Butterfly Valley) - დაცული ბუნებრივი ტერიტორია, სადაც პეპლების 80-ზე მეტი სახეობა ბინადრობს. ულამაზესი ბუნებითა და იშვიათი პეპლებით ცნობილი ხეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავ ვიზიტორს იზიდავს.
კიდევ ერთი საინტერესო ადგილია კაბაქის ყურე (Kabak Bay) - ბუნებით გარშემორტყმული ულამაზესი ყურე ფარალიას სოფლის ტერიტორიაზე. ის განსაკუთრებით პოპულარულია კემპინგის მოყვარულებში. კაბაქის ყურე ასევე იოგის რითრითებისთვის პოპულარული ადგილია. აქ სტუმრებს ბუნებაში, ხის ბუნგალოებსა და კომფორტულ კარვებში დასვენებისა და იოგით დაკავების შესაძლებლობა აქვთ.
ფეთჰიეს სანაპირო მდებარეობა მას წყლის სპორტისთვისაც კარგ მიმართულებად აქცევს. აქ დაივინგის მოყვარულებს განსაკუთრებით იზიდავთ აფქულე, რომელიც წყალქვეშა გამოქვაბულებითა და მდიდარი საზღვაო სამყაროთი გამოირჩევა. აღსანიშნავია საქლიქენთის კანიონი (Saklıkent Canyon), რომელიც მდინარე ეშენზე ჯომარდობის შესაძლებლობას სთავაზობს თავგადასავლების მოყვარულებს.
რეგიონში ასევე მდებარეობს ლიკიის გზა (Lycian Way) - მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი საფეხმავლო მარშრუტი, რომელიც მოგზაურებს ხმელთაშუა ზღვის ულამაზეს ბუნებაში ლაშქრობის შესაძლებლობას აძლევს.