თურქეთში ანატოლიის მიწები, რომელმაც ათასწლეულების მანძილზე უამრავ ცივილიზაციას უმასპინძლა, კვლავ აგრძელებს კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობის აღმოჩენას. შეიძლება ითქვას, რომ დღეს თურქეთი ღია ცის ქვეშ მუზეუმის ფუნქციას ასრულებს, სადაც წარმოდგენილია ცივილიზაციები, რომლებმაც ათასწლეულების მანძილზე ჩამოაყალიბეს კაცობრიობის ისტორია.
თურქეთში პროექტი „მემკვიდრეობა მომავლისთვის“ მიზნად ისახავს არქეოლოგიური სამუშაოების გაფართოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და თურქეთში არქეოლოგიის ახალი, დინამიკური ეპოქის დაწყებას. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ამ ინიციატივის ფარგლებში სხვადასხვა ეპოქისა და ცივილიზაციის მრავალი არტეფაქტი აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენები ახალ ხედვას გვაძლევს ადამიანის და სამყაროს ურთიერთობაზე, რის გამოც 2025 წელი გახდა მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელმაც გააუმჯობესა ვიზიტორთა გამოცდილება არქეოლოგიურ ძეგლებზე და გაზარდა კულტურული მემკვიდრეობის ხილვადობა. გავეცნოთ თურქეთის გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენებს.
ნეოლითის პერიოდის აღმოჩენები
„თაშ თეფელერის“ პროექტმა, რომელიც შანლიურფის რეგიონში ნეოლითური პერიოდის გათხრებს მოიცავს, გასულ წელსაც მნიშვნელოვანი მიღწევები დააგროვა არქეოლოგიური თვალსაზრისით. პროექტმა 2025 წელს მე-5 წლისთავი აღნიშნა.
მაგალითად, ქარაჰანთეფეში აღმოაჩინეს პატარა ჭურჭელი სამი ცხოველის ფიგურით, რომელიც ითვლება ყველაზე ძველ სამგანზომილებიან მითოლოგიურ გამოსახულებად. ასევე, გამოვლინდა T ფორმის სვეტი, რომელზეც ადამიანის სახე არის გამოკვეთილი. გობექლითეფეში კი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, არქეოლოგებმა კედელში ჩაშენებული ადამიანის ფიგურა აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, მსხვერპლშეწირვის ნიშნად იყო მოთავსებული. საიბურჩში კი ნაპოვნია ადამიანის ქანდაკება, რომელიც გამოსახავს გარდაცვლილ ადამიანს შეკერილი პირით.
ჩანაქქალეში, ტროაში მიმდინარე გათხრების შედეგად აღმოჩენილია ოქროს ბროში, რომელიც ადრეული ბრინჯაოს ხანით (დაახლ. ძვ. წ. 2500 წელი) თარიღდება. ასევე აღმოჩენილ იქნა, იშვიათი იადის ქვა, რომელიც ოდესღაც, სავარაუდოდ, ფუფუნების საგნად ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ სოციალური სტატუსისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოყენებული ბროში მსოფლიოში მხოლოდ სამი ცნობილი ნიმუშიდან ერთ-ერთი ეს საუკეთესოდ არის შემონახული და ბოლო 100 წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტიპოლოგიურ და ისტორიულ აღმოჩენად ითვლება. უნდა აღინიშნოს ეფერთეფის აღმოჩენა, სადაც ადამიანის სახის ორი რელიეფი და ორსახიანი მძივია აღმოჩენილი.
ოსმალური საზღვაო ისტორიის აღმოჩენები წყალქვეშ
მუღლას პროვინციაში, დაჩასთან ახლოს მდებარე ქიზლანის ოსმალური გემის ნამსხვრევებზე ჩატარებულმა წყალქვეშა გათხრებმა მნიშვნელოვანი მასალები გამოავლინა. მაგალითად, თურქეთის ტერიტორიაზე ცნობილი ერთადერთი მე-17 საუკუნის ოსმალური გემის ნამსხვრევებმა გამოავლინა 30-ზე მეტი თოფი, 50-ზე მეტი ყუმბარა, ათასობით ტყვია, ოსმალური პერიოდის თამბაქოს მილების ყველაზე დიდი კოლექცია და ჩინური ფაიფურის ნიმუშები.
4500 წლის კერპები
არქეოლოგებმა 4500 წლისწინანდელი კერპები აღმოაჩინეს ქუთაჰიაში, თავშანლი ჰოიუკში, დასავლეთ ანატოლიის ერთ-ერთ უდიდეს ბრინჯაოს ხანის დასახლებაში. აღსანიშნავია, რომ მარმარილოს, ძვლისა და ტერაკოტისგან დამზადებული ეს კერპები კერის გარშემო იყო განლაგებული. მათი აღმოჩენა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გვაწვდის იმ ეპოქის რელიგიური პრაქტიკის შესახებ.
ბართინის ძველ ქალაქში მედუზას უნიკალური რელიეფი აღმოაჩინეს
ბართინის პროვინციის ამასრის რაიონში, ძველ ქალაქ ამასტრისში, თითქმის 2 000 წლის წინანდელი სტოას (უძველესი არქიტექტურული ნაგებობა ) აღდგენისას არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მედუზას იშვიათი გამოსახულება. მედუზა ბერძნულ მითოლოგიაში გველთმიანი არსებაა, რომლის მზერა ქვის ქანდაკებად აქცევს ადამიანს, ამიტომ მისი ფიგურა ძველად ხშირად გამოიყენებოდა შენობებზე დამცავ სიმბოლოდ. ეს აღმოჩენა კი რეგიონში ანტიკური კულტურის ძლიერ გავლენას და ქალაქის ისტორიული მნიშვნელობის არსებობას ადასტურებს.
ეფესოში სერაპისადმი მიძღვნილი ახალი აღმოჩენა
საინტერესოა კიდევ ერთი აღმოჩენა. იზმირში მდებარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლ ეფესოში აღმოაჩინეს ტერაკოტას საკმევლის ჭურჭელი, რომელზეც გამოსახულია ეგვიპტური ღმერთი სერაპისი. მის უკანა მხარეს არსებული წარწერის წყალობით, არტეფაქტი დაუკავშირეს იდენტურ ნივთს, რომელიც ადრე ტერასულ სახლებში იყო აღმოჩენილი. ეს მიუთითებს, რომ ეფესოში არსებობდა სახელოსნო, რომელიც ამ ტიპის ნივთებს ამზადებდა, ან ასეთი პროდუქციის რეგულარული ვაჭრობა მიმდინარეობდა.
საკრამენტული პურები ქარამანში
ქარამანში მდებარე ძველ ქალაქ თოპრაქთეფეში (ეირენეპოლისი) გათხრებმა გამოავლინა ხუთი ნახშირად ქცეული პური, რომლებიც მე-7–8 საუკუნეებით თარიღდება. ექსპერტების აზრით, ეს პურები, რომლებზეც მალტური ჯვრისა და იესოს გამოსახულებებია, შესაძლოა ადრეულ ქრისტიანულ რიტუალებში გამოყენებული საკრამენტული პურები ყოფილიყო.
ვანში აღმოჩენილი პითოსები
ვანის იფექიოლუს რაიონში, ერეკის მთის კალთებზე მდებარე კევენლის ციხის ნანგრევებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 76 ლურსმული წარწერებით დაფარული პითოსი (დიდი თიხის ქვევრები), რომლებსაც ურარტუელები ზეთის, მარცვლეულის და სასმელების შესანახად იყენებდნენ. ეს აღმოჩენა ვანში დღემდე აღმოჩენილ ყველაზე დიდ საცავ კომპლექსად ითვლება.