თურქეთი ტურისტებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ მიმართულებად ითვლება ყოველთვის, რადგან ამ ქვეყანაში ერთმანეთთან უნიკალურად არის შერწყმული სხვადასხვა კულტურა და ცივილიზაცია, ასევე მრავალფეროვანი ბუნება და კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველ წელს აღაფრთოვანებს ტურისტებს საკუთარი განახლებული იერსახით.
ორი კონტინენტის დამაკავშირებელ ცოცხალ ქალაქში - სტამბოლში, ასევე ანტალიის საოცარ სანაპიროებსა და თურქეთის სხვა პოპულარულ ტურისტულ ადგილებზე ყოველდღიური ტურისტული ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
თურქეთი ასევე ხშირად მასპინძლობს საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებს. წელს ქვეყანაში დაგეგმილია მრავალი საერთაშორისო კონფერენცია, შეხვედრა, მასშტაბური კონცერტები და სპორტული ღონისძიებები. ისინი ძირითადად ჩატარდება მეგაპოლის სტამბოლში. ასეთი მრავალფეროვანი კალენდარი კიდევ უფრო აძლიერებს თურქეთის ტურისტულ მიმზიდველობას და წარმოაჩენს ქვეყანას როგორც აქტიურ და სანდო მიმართულებას მოგზაურებისთვის.
სტამბოლი - თურქეთის ღონისძიებების მთავარი ცენტრი
თურქეთში მსხვილ ღონისძიებებზე საუბრისას პირველ რიგში, ცხადია, სტამბოლი გვახსენდება. მსოფლიოს მთავარ ქალაქებთან პირდაპირი ავიარეისებით დაკავშირებული ეს მეტროპოლია კულტურის, ხელოვნების, სპორტისა და დიდი ღონისძიებების ნამდვილი კერაა. აპრილის თვიდან წლის ბოლომდე გაიმართება სტამბოლის ცნობილი ხელოვნების ღონისძიებები, მათ შორის სტამბოლის თეატრალური ფესტივალი, სტამბოლის მუსიკის ფესტივალი, სტამბოლის ჯაზფესტივალი, აქბანქის ჯაზფესტივალი, "თანამედროვე სტამბოლი" და სხვა.
ასევე, 2026 წელს ქალაქში კონცერტებს გამართავენ მსოფლიო ვარსკვლავები - Andrea Bocelli და Kanye West (Ye) (მაისში), ივნისის თვეში – Scorpions და Pet Shop Boys, ივლისში – Gorillaz, სექტემბერში კი ჯგუფი The Black Keys წარადგენს თავის შესრულებებს.
სპორტული ღონისძიებებიც აქტიურადდ ჩატარდება. მაისის თვეში გაიმართება UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალი, აგვისტოში ტრადიციულად ჩატარდება ბოსფორის კონტინენტთაშორისი ცურვის შეჯიბრი, რომელიც მონაწილეებს აზიასა და ევროპას შორის ბოსფორის სრუტზე გადაცურვის შესაძლებლობას მისცემს. აგვისტოდან სექტემბრამდე კი სტამბოლი ფრენბურთში ქალთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. სექტემბერში დაგეგმილია ორი ველორბოლა - Tour of Istanbul და L'Étape Türkiye by Tour de France, ხოლო ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში გაიმართება "საპრეზიდენტო საერთაშორისო იახტების რბოლა". ცნობისთვის, „საპრეზიდენტო საერთაშორისო იახტების რბოლა“ (Presidential International Yacht Race) არის იახტების სპორტული შეჯიბრი, რომელსაც ოფიციალურად თურქეთის პრეზიდენტის პატრონაჟით ან სახელით ატარებენ.
ფესტივალები და სპორტული ღონისძიებები თურქეთის სანაპიროებზე
წელს თურქეთის სხვადასხვა რეგიონში, თუნდაც კაპადოკიიდან ანტალიამდე, სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებები ელოდებათ.
ამ მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია "კულტურული სამარშრუტო ფესტივალები" (Culture Route Festivals), რომელიც ევროპის ფესტივალების ასოციაციის (EFA) ნაწილია. წელს აღნიშნული ღონისძიება უკვე მეექვსედ გაიმართება და 8 თვის განმავლობაში ქვეყნის 26 ქალაქში კულტურულ და ხელოვნების სხვადასხვა ღონისძიებას გააერთიანებს. ფესტივალი აპრილში შანლიურფაში დაიწყება და ნოემბერში ადანაში დასრულდება.
ღონისძიებების თვალსაზრისით, ანტალიაც არ არის გამონაკლისი. ქალაქი, რომელიც ცნობილია რბილი კლიმატით, უძველესი ისტორიული ძეგლებითა და მდიდარი გასტრონომიული კულტურით, უდაოა, რომ ყოველწლიურად უამრავ სტუმარს მასპინძლობს. აქ იმართება მსოფლიოში ცნობილი ასპენდოსის ოპერისა და ბალეტის ფესტივალი, რომელიც კლასიკური მუსიკისა და სცენური ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევა.
ამასთან, ნოემბერში ანტალია ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებასაც უმასპინძლებს - გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციასა (COP31) და საერთაშორისო ასტრონავტიკის კონგრესს (IAC).
ქალაქში სპორტის მოყვარულთათვისაც არაერთი ღონისძიება გაიმართება. მათ შორისაა ველორბოლა - Tour of Antalya, რუნტალიას მარათონი - Runtalya Marathon და Turkish Airlines-ის ღია გოლფის ტურნირი.
კულტურა და სპორტი მუღლასა და ეგეოსის რეგიონში
მუღლა, სადაც ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვა ერთმანეთს ხვდება, სტუმრებს ასევე, მრავალფეროვან ღონისძიებებს წარუდგენს. რაც შეეხება ბოდრუმს, აქ ივნისში გაიმართება ბოდრუმის საერთაშორისო ჯაზფესტივალი, რომელიც ზაფხულის საღამოებს დაუვიწყარს გახდის სტუმრებისთვის.
მარმარისსა და ფეთჰიეში კი აპრილში ჩატარდება Ultra Trail-ის რბოლები, სადაც მონაწილეები ბუნების ულამაზეს ლანდშაფტებში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ამ მხრივ, გამორჩეულია ეგეოსის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იზმირიც, სადაც წელს ივნისის თვეში გაიმართება Chris Isaak-ის კონცერტი. ამასტან, გაზაფხულზე, ჩეშმეს ნახევარკუნძულზე ჩატარდება ალაჩათის პოპულარული ფესტივალი, რომელიც ადგილობრივ მცენარეებისა და ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციას მიეძღვნება.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ მხრივ კაპადოკიაც გამორჩეულია. მისი ცნობილი „ზღაპრული ბუხრების“ სანახავად კი ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა იქნება ჰაერის ბუშტების ფესტივალი, რომელიც ივლისში იმართება. ამასთან, ოქტომბერში გაიმართება რბოლა - Salomon Cappadocia Ultra Trail, რომელიც უკვე მე-13 წელია იზიდავს მორბენლებსა და თავგადასავლების მოყვარულებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
აღსანიშნავია, რომ აპრილში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ადანის „ფორთოხლის ყვავილების კარნავალს“ (Adana Orange Blossom Carnival) - ფერად და მასშტაბურ დღესასწაულს, რომელიც აღლუმებით, მუსიკითა და ადგილობრივი კერძებით გამოირჩევა.
ყოველი წლის დეკემბერში კი, კონია მასპინძლობს მევლანას მბრუნავი დერვიშების ფესტივალს (Şeb-i Arus) - განსაკუთრებულ სულიერ და კულტურულ ღონისძიებას, რომელიც საუკუნოვან ტრადიციებს ეფუძნება.