მოგეხსენებათ, თურქეთი მუდმივად ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მდგრადობაზე და მის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. ამჯერად, ქვეყანამ მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს მიაღწია დაცვისა და რეპატრიაციის (დაბრუნების) მიმართულებით.
65 წლის შემდეგ, რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც ძველი ქალაქ ბუბონიდან (ბურდურის პროვინცია) იქნა გაძარცვული, უკან დააბრუნა თავის სამშობლოში. მისი დაბრუნება აშშს-თან თანამშრომლობით განხორციელდა, რადგანაც აქამდე ქანდაკება წლების განმავლობაში გამოფენილი იყო ოჰაიოს შტატში, კლივლენდის ხელოვნების მუზეუმში. კერძოდ, ეს ისტორიული მოვლენა უკავშირდება თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, მანჰეტენის ოლქის პროკურატურასა და აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახურის (HSI) ერთობლივ ძალისხმევას. ქანდაკება მალე გამოფენილი იქნება ანკარაში, სპეციალურ გამოფენაზე.
მარკუს ავრელიუსის ქანდაკება, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეებით თარიღდება, უნიკალურია იმით, რომ იგი ითვლება ანატოლიის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ბრინჯაოს სკულპტურად. ქანდაკება 1960-იან წლებში არალეგალურად იქნა ამოღებული და კონტრაბანდის გზით გატანილი ბუბონიდან, რომელიც მდებარეობს თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბურდურის რაიონში.
პირველი ქალი არქეოლოგი და ისტორიული აღმოჩენა
ქანდაკების წარმოშობის ისტორია პირველად თურქეთის პირველმა ქალმა არქეოლოგმა, პროფესორმა ჯალე ინანმა გამოიკვლია. მისმა სამეცნიერო ნამუშევრებმა საფუძველი შექმნა იმ გამოძიებისთვის, რომელიც 2021 წელს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ დაიწყო მანჰეტენის პროკურატურასთან და აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახურთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად ბუბონის წარმოშობის მრავალი არტეფაქტი — მათ შორის იმპერატორების, ლუციუს ვერუსის, სეპტიმიუს სევერუსისა და კარაკალას ქანდაკებები თურქეთში დაბრუნდა. მრავალწლიანმა სამეცნიერო ანალიზებმა, საარქივო დოკუმენტებმა და თვითმხილველთა ჩვენებებმა ასევე დაადასტურა, რომ მარკუს ავრელიუსის ქანდაკება თავდაპირველად, ისედაც ბუბონის სებასტეონის სტრუქტურაში იდგა. ამ მტკიცებულებების საფუძველზე მანჰეტენის პროკურატურამ და HSI-მ თურქეთის მოთხოვნა სამართლიანად ცნო და ქანდაკების კონფისკაციის შესახებ კლივლენდის მუზეუმიდან მიიღეს გადაწყვეტილება.
უნდა აღინიშნოს ისიც, ამის შემდეგ რომ კლივლენდის მუზეუმმა გაასაჩივრა კონფისკაციის გადაწყვეტილება და სასამართლოში ეჭვქვეშ დააყენა ქანდაკების კავშირი ბუბონთან, თურქეთი კი ცხადია დათანხმდა დამატებით გამოძიებას ამ მიმართულებით. 2024 წლის მაისში თურქი ექსპერტების ზედამხედველობით ქანდაკების ფეხის სილიკონის ანაბეჭდი აიღეს და დაადასტურეს, რომ იგი ზუსტად ემთხვევა ბუბონში აღმოჩენილ ქანდაკებების სადგამებს. აგრეთვე აღებული იქნა ნიადაგისა და ტყვია-კარბონის ნიმუშებიც. გერმანიაში, კურტ ენგელჰორნის არქეომეტრიის ცენტრში, პროფესორ ერნსტ პერნიკას მიერ ჩატარებულმა ანალიზებმა დაადასტურა, რომ ქანდაკება ნამდვილად სებასტეონში იდგა. გარდა ამისა, ქანდაკების შიდა ნაწილში აღებული ნიადაგის ნიმუშის ქიმიური შემადგენლობა და სტრონციუმის იზოტოპის მაჩვენებლები თითქმის იდენტურია ბუბონიდან აღებულ სამ ნიმუშთან და ბურდურის მუზეუმში დაცულ “ვალერიანუსის” ქანდაკებაში აღმოჩენილ ნიადაგთან, რომელიც ასევე ბუბონშია ნაპოვნი.
ამ უახლესი მტკიცებულებების ფონზე კლივლენდის მუზეუმმა უკან წაიღო სასამართლო საჩივარი და ოფიციალურად დათანხმდა ქანდაკების თურქეთში დაბრუნებას.
მუზეუმის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია:
„მუზეუმი აფასებს თურქეთის ოფიციალური პირებისა და მანჰეტენის პროკურატურის თანამშრომლობისთვის გამოჩენილ მზადყოფნას, რაც ქანდაკებასთან დაკავშირებული საკითხების სამეცნიერო გზით გადაწყვეტას შეეხებოდა. ახალი კვლევების გარეშე მუზეუმს არ ექნებოდა საფუძველი დარწმუნებით ეთქვა, რომ ქანდაკება ოდესღაც ნამდვილად იმყოფებოდა აღნიშნულ არქეოლოგიურ ადგილას“, -წერია განცხადებაში.
ეს გადაწყვეტილება ასახავს კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც პატივს სცემს როგორც მუზეუმური პრაქტიკის ეთიკას, ისე კულტურული მემკვიდრეობის სამართლიან დაბრუნებას. მანჰეტენის ოლქის პროკურორმა, ელვინ ბრეგმა, ხაზი გაუსვა ამ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ გამოძიებამ, რომელშიც ჩართული იყო თვითმხილველების გამოკითხვები და დეტალური სასამართლო-ტექნიკური ანალიზი, საბოლოოდ უტყუარად დაადასტურა, რომ ქანდაკება ძველი ქალაქ ბუბონიდან იყო გაძარცვული. ბრეგი მუზეუმის გადაწყვეტილებას მიესალმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის დაბრუნება მის ისტორიულ კონტექსტში.
თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, მეჰმეთ ნური ერსოიმ, ამ მნიშვნელოვან რეპატრიაციას “ისტორიული მიღწევა” უწოდა – ამის შესახებ მან განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.
მინისტრის თქმით, ეს პროცესი, რომელიც მანჰეტენის პროკურატურასა და აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახურთან (HSI) თანამშრომლობით განხორციელდა, მხოლოდ ერთი კულტურული არტეფაქტის დაბრუნება არ არის – ეს არის ისტორიული გამარჯვება, რომელიც დიპლომატიის, სამართლისა და მეცნიერების ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ პროცესი სერიოზული სირთულეებით დაიწყო, მისმა კონსტრუქციულმა დასასრულმა მომავალში მუზეუმსა და თურქეთის კულტურის სამინისტროს შორის თანამშრომლობის საფუძველი ჩაყარა. ეს საქმე მაგალითს ქმნის სხვა ქვეყნებისთვისაც – თუ როგორ შეიძლება წყაროს ქვეყნებს, საგამოძიებო სტრუქტურებსა და მუზეუმებს შორის რთული წარმოშობის საკითხები გამჭვირვალე და მტკიცებულებაზე დაფუძნებული დიალოგით გადაწყდეს.
თურქეთის გლობალური ხედვა კულტურული მემკვიდრეობის მიმართ
როგორც ზემოთ აღინიშნა, მარკუს ავრელიუსის ქანდაკების დაბრუნება თურქეთში მხოლოდ კულტურული გამარჯვება არ არის — ეს საერთაშორისო სამართლის, მეცნიერებისა და დიპლომატიის ერთობლივი წარმატებაა.
თურქეთი მტკიცედ განაგრძობს უცხოეთში გატანილი ყველა კულტურული ფასეულობის დაბრუნების პროცესს. ეს რეპატრიაციის მცდელობები ერთიანდება ქვეყნის უფრო ფართო სტრატეგიაში, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადად შეინარჩუნოს და განავითაროს თავისი კულტურული მემკვიდრეობა.
ამ სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება პროგრამა „მემკვიდრეობა მომავლისთვის“, რომელიც გათხრების მასშტაბს უფრო მეტად აფართოებს და წლის ოთხივე სეზონზე მოიცავს აქტიურ არქეოლოგიურ სამუშაოებს. თურქეთი ამ მიმართულებით 2026 წლისთვის კვლევების რაოდენობის 800-მდე გაზრდას გეგმავს.